უკრაინაში მუშაობას დაიწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენლობა. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ICC-ის მდივანმა პიტერ ლუისმა და უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობაში.
"ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულში დამნაშავე ყველა პირი არ წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. მათ შორის - რუსეთის ფედერაციის კრიმინალური რეჟიმის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა", - განაცხადა კოსტინმა.
17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.
- რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვლადიმირ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაწერა, რომ ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება“.
- კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ICC-ის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.
- თავად ვლადიმირ პუტინს მისი დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.