Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული უწოდა, დეპუტატმა პრემიერს დარბაზიდან შეაგინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს, მას დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტის წევრმა მთავრობის თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლის დროს შეაგინა.

„ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორც მიეყიდა სააკაშვილს. ასი ათას დოლარად გაყიდული არის ეს კაცი, რომ იცოდეთ თქვენ, ყველამ“, - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, რის გამოც დარბაზში მყოფმა გუბაზ სანიკიძემ მას შეაგინა.

„შე ნაძირალა, შე ნაძირალა“, - გამოეხმაურა სანიკიძეს პრემიერ-მინისტრი და დეპუტატს მიმართა, - „შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები ვერასდროს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები“.

სანიკიძემ ღარიბაშვილს უპასუხა: „როგორ არ გრცხვენია?!"

ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძესთან ერთად, მოღალატე უწოდა დეპუტატს „ლელოდან" დავით უსუფაშვილს.

„მე მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს", - თქვა პრემიერმა.

გუბაზ სანიკიძეზე პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ ილაპარაკა, რაც სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებისადმი მიმართვაში მან თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეშინია.

„თქვენ მაშინაც გეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ. სააკაშვილის გეშინიათ კიევში, თბილისში, გეშინიათ მაშინ, როცა ჯანმრთელია, გეშინიათ ციხეში. სააკაშვილს გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის. ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის.

საერთოდ, მოგიწოდებთ ყველას და განსაკუთრებით, თქვენ, ბატონო პრემიერო, მეტი თავმდაბლობა! თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია იჩემებს, რომ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები ხართ. გირჩევთ, ხანდახან „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასაც წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება და მოსმენა უყვარს. გირჩევთ, თქვენი სამაგიდო წიგნი გახდეს.

ამ ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობთ, ერთი რამ გაითვალისწინეთ, მათ თქვენთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ და „გუშინს“ „ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია. ერთ რამეში დაგეთანხმებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცათ, რადგან ხელისუფლება დროებითია, ხოლო ხალხი - მარადიული“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დღეს, 24 მარტს, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დაიბარა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმის გასარკვევად, რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რატომ შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან შედარებით, რა კეთდება სტრატეგიულ პარტნიორებთან თავდაცვის შესაძლებლობის გასაძლიერებლად და ა.შ. საქართველოს პრემიერმა კი სხდომაზე ძირითადად ისაუბრა "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილზე, რომელიც, მისი თქმით, აქვთ "ექსტრემისტულ" ოპოზიციას საქართველოში და მის პარტნიორებს - საზღვარგარეთ.

XS
SM
MD
LG