Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპასუხისმგებლობა, ალბათ, ის უფროა, როდესაც პარტიის დეზინტეგრაცია ხდება - დეკანოიძემ ხაბეიშვილს უპასუხა


ხატია დეკანოიძე, დეპუტატი
ხატია დეკანოიძე, დეპუტატი

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტია და ფრაქცია დატოვა, თავის უკვე ყოფილი გუნდის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს, უპასუხა, რომ "უპასუხისმგებლობა, ალბათ, ის უფროა, როდესაც პარტიის დეზინტეგრაცია ხდება".

"TV პირველთან" საუბარში დეკანოიძე აღნიშნავს, რომ პარტიიდან წასვლის მიზეზების გარკვევის ნაცვლად, "უპასუხისმგებლობაში" დაადანაშაულეს.

"იმ მიზეზებზე, რაზეც მე ვისაუბრე [პარტიის ხელმძღვანელობასთან], პასუხები არ მომისმენია. ვფიქრობ, პარტიის ყველა ლიდერის თვისებაა ინტეგრაცია, ადამიანების შემოკრება, მსჯელობა, მიზეზების გარჩევა. ძალიან სამწუხაროა, ასეთ მოცემულობაში "ნაციონალური მოძრაობა" სუსტდება და ამის მიზეზებზე არ ფიქრობს ლიდერი", - ამბობს დეკანოიძე.

თანაგუნდელის პარტიიდან წასვლას ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს, 24 მარტს, მედიასთან კომენტარში გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, ახლა არ არის დაქსაქსვის დრო და "ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას".

"ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ძალიანაც შეიძლება არ მოგვწონდეს, რომ ბრძოლის ველზე როდესაც არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად ამისა, ეს მისი საქმეა. მე გეტყვით, ჩემი საქმე არის ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები და ის, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ ყველა. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც რაღაცნაირად უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე და აჩვენებს პრობლემებს, ეს არ არის კარგი. ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს", - თქვა ხაბეიშვილმა.

23 მარტს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება.

პარლამენტის წევრმა თქვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გააქტიურება.

"ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი ერევა პარტიის საქმიანობაში", - შენიშნა მან. დეკანოიძის თქმით, მერაბიშვილი პარტიაში გამართულ არჩევნებში ერეოდა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ძველი პარადიგმით ვერ იმოქმედებს.

დეპუტატმა განაცხადა, რომ არ გეგმავს სხვა პარტიაში გადასვლას, თუმცა პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

„ასეთი გადაწყვეტილება როდესაც ოფიციალურად დადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს არის პრინციპისა და ღირსების საკითხი“, - დაამატა მან.

22 მარტს ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატს საჯაროდ ჰქონდა უთანხმოება პარტიის ხელმძღვანელობასთან, ეხებოდა საპარლამენტო ბოიკოტს, რომლის შეწყვეტასაც იგი აქტიურად მოითხოვდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG