Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიქეცი, ჩქარა გაიქეცი!


ავტორი: მაია სივსივაძე

1990 წლის დეკემბრის დილის 09:00 საათი იყო. გარეთ ისე ყინავდა, ძვალ-რბილში ატანდა. ბარომეტრი -50C აჩვენებდა.

ღმერთო ჩემო, ისევ თოვლი, ყინული, მოლიპული გზები. მამაჩემსაც მაინცდამაინც ახლა გაეყინა მანქანის ძრავა. რა ვქნა?! მომიწევს რეპეტიტორთან ტროლეიბუსით წაჩანჩალება. 10:00 საათზე გაკვეთლზე ჯარისკაცივით უნდა დავერჭო. როგორ მძულს ეს პროცესი, ორ საათს მაინც არ გრძელდებოდეს! არადა, დღესვე 3-ზე მათემატიკა მაქვს. რაც დავიბადე, მგონი სულ ვსწავლობ, აღარ შემიძლია! ნუთუ არ უნდა დასრულდეს ეს დამღლელი ცხოვრება? თავისუფლებას ვითხოვ! როდის მეღირსება? ჯანდაბას ყველაფერი... კიდევ ერთი კოშმარი დღე გათენდა! - ამ ფიქრებში გართული სახლიდან გავედი და ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში ჩვენი უბნელი მამედა, რომელიც მოწყალების თხოვნით ირჩენდა თავს, დავინახე, ეროვნებით მგონი აისორი. ო, როგორ ცივა! აი, მამედას კი დღე და ღამე ქუჩაში სძინავს. ხეიბარია, ყავარჯნებზე დაყრდნობილი ხან გზის მარჯვენა მხარეს, ხან კი მარცხნივ დგას. ხელგაწვდილი უხარისხო სიგარეტს ყოველთვის შოულობს და ფილტვებს ილპობს. ამბობენ, დედა ახალშობილს დაეღუპა, მამამ კი ბედის ანაბარა მიატოვაო. ვინ იცის, დედა რომ ცოცხალი ჰყოლოდა, ასე ქუჩაში გავარდნილი არც ყოფილიყო. როგორც კი დაგინახავს, მაშინვე გესალმება, ღიმილს არასდროს დაგამადლის ადამიანს. კი მაგრამ, ფილტვების ანთება როგორ არ ემართება? ან უკეთეს შემთხვევაში, არ ცივდება მაინც? როგორ მინდა გავცივდე, თუნდაც ანგინა დამემართოს, ჩავწვები თბილად ლოგინში და წავიკითხავ ჩემს საყვარელ წიგნებს, ან დავხატავ მაინც. მაგრამ გაცივების ,,ბედნიერებაც“ რომ არ გექნება ადამიანს?! მაცივარს გავაღებ, გავშიშვლდები, თავს საყინულეში შევყოფ, ბოლოს და ბოლოს სურდოს მაინც დავიმართებ. ეჰ! იოცნებე და იყავი, მაინც არაფერი გამოვა. უნდა ისწავლო, იმეცადინო, გამოცდები ჩააბარო. ჰო, შენ რა გგონია? ასეთია ცხოვრება, ყველა ასე წვალობს! - ვფიქრობდი გამალებით, თითქოს საკუთარ თავთან დიალოგს ვმართავდი.

მალე ტროლეიბუსიც მოვიდა. ავედი და სადღაც კუთხეში მოვკალათდი. რა საშინელება იყო, როგორი სიზმარეული და სიცივისაგან დაწითლებული სახე ჰქონდა მგზავრების უმეტესობას. ერთ ახალგაზრდას კაშნე ისე მოეხვია, თვალებიღა უჩანდა და ნამდვილ ყაჩაღს მაგონებდა. ღმერთო, რა კუს ნაბიჯებით დადის ეს ,,ტროლიკა“?! ქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მკვეთრ ნაკლებობას განიცდიდა, თანაც დღის ამ მონაკვეთში 09:00-დან 10:00 საათამდე მუდამ ხალხმრავლობა იყო.

აი, მოვედით კიდეც. ჩემ გვერდით ერთი მოხუცი იდგა, გაჩერებაზე ჩასვლას აპირებდა. უნდა გავატარო, გზა დავუთმო, მერე რა, რომ მეჩქარება? შეიძლება მომიბრუნდეს და შეურაცხყოფა მომაყენოს: - შენ რა, ზრდილობა სახლში დაგრჩა?! - მითხრას. არაუშავს, გაკვეთილზე მაინც მოვასწრებ დროულად მისვლას. - მობრძანდით! - გზა დავუთმე და წინ გავატარე. მანაც ტროლეიბუსის კიბეზე ნელა, მაგრამ დიდი ძალისხმევით დიწყო ჩასვლა. მოულოდნელად დავინახე, რომ ძველისძველ ჩექმაში გამოჭედილი ფეხი საფეხურზე უცნაურად, მარიონეტივით დადგა. კი მაგრამ, რას აკეთებს?! ნუთუ ვერ გრძნობს, რომ ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება კისერი მოატეხინოს? გზა მოლიპულია, შეიძლება დავარდეს, ხელს მაინც მივაშველებ.- ამ ფიქრებში გართულმა დავინახე, რომ მოხუცი კიბიდან უცებ ჩავარდა და სპონტანურად ხმამაღლა შევძახე: ,,ვაი, უშველეთ, დაეხმარეთ!“ კაცს ქუდი მოსძვრა და მარჯვნივ ყინულზე გადაგორდა. ჯოხი, რომელიც ხელში ეჭირა, გაუვარდა და მოყინულ გზაზე ხმაურით გასრიალდა. ,,მოიცადეთ, მოგეშველებით!“ - დავიყვირე და ვეცადე მისი ბუკლეს ძველისძველი პალტოსთვის ხელი წამევლო. მოვასწარი კიდეც, მაგრამ მოლიპულ გზაზე თავი ვეღარ შევიკავე და ფილარმონიის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე სულ რიხინ-რიხინით ჩავიგრიალეთ მე და მოხუცმა. ვიგრძენი, რომ ჩაბნელებული გვირაბის ერთ-ერთ ბოძთან აღმოვჩნდით, რომელსაც ცხვირი ისე მივაჭყლიტე, მთელი კვირის განმავლობაში საშინლად მტკიოდა და დაკაწრული მქონდა. ფეხზე წამოვდექი. თოვლითა და ყინულით დასვრილი ქურთუკი სასწარაფოდ ჩამოვიბერტყე და მოხუცის წამოყენებაც ვცადე, მაგრამ ის გვირაბის გაყინულ ფილაქანზე გაუნძრევლად და მდუმარედ იწვა, ზუსტად ისე,- როგორც მიცვალებული სასახლეში. ღმერთო, ესღა მაკლდა! რა ხდება? ეს რა დღე გათენდა?! კი მაგრამ, რა დაემართა, მოკვდა?! არა, ეს შეუძლებელია! - აზრები ტიტრებივით გარბოდნენ გონებაში. შიშისა და ელდისაგან ქვედა ტუჩს ვეღარ ვიმორჩილებდი და თავისთავად მიკანკალებდა, სხეული კი საშინლად მითრთოდა. საჩქაროდ იქვე კანტიკუნტად მოსიარულე ადამიანებს ვთხოვე დახმარება, ყველაფერი ელვის სისწრაფით ავუხსენი რა და როგორ მოხდა და იქაურობას უკანმოუხედავად გავეცალე. თარხნიშვილის ქუჩაზე გულამოვარდნილი ავრბოდი და საკუთარ თავს გულში ჩუმად ვუმეორებდი: ,,გაიქეცი, ჩქარა გაიქეცი!“

მე ხომ თბილ სახლში რეპეტიტორი მელოდა, თავისი ორსაათიანი ინგლისურის გაკვეთილით? თანაც პრინციპული, მკაცრი მოთხოვნებით. ეს კი თავის გამართლების საუკეთესო საშუალება იყო. ვისთან? - არავისთან! მხოლოდ საკუთარ თავთან, შინაგან ხმასთან, სინდისთან, რომელიც ზოგჯერ მკაცრი მსაჯულივით მომევლინებოდა ხოლმე და სულს მხდიდა. მოხუცი... ? მოხუცი კი იმ ხუთიოდე კაცის ამარა მიტოვებული, ბნელი გვირაბის ცივ ფილაქანზე მიწოლილი დარჩა ჩემს მეხსიერებას. ცოცხალი თუ მკვდარი, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მე ხომ გავიქეცი, ჩქარა, უკანმოუხედავად...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG