Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონიერი უსამართლობა თუ ზეკანონიერი სამართალი


ავტორი: ჯაბა თებიძე

იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა უდევს საფუძვლად საქართველოში პოლიტიკურ განუკითხაობასა და ხელისუფლების დანაწილების კლასიკური მოდელის უგულებელყოფას, სადაც მხოლოდ ერთი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი ინტერეს ჯგუფი მართავს როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, სასურველია გავაანალიზოთ ქვეყნის სამართლის სისტემა და დავაკვირდეთ ინსტიტუციური დემოკრატიის ყოველდღიურ პრაქტიკას.

გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი გუსტავ რადბრუხი ჯერ კიდევ 1920-იან და 1930-იან წლებში თავის ეპოქალურ ნაშრომში ‘სამართლის ფილოსოფიაში’, განსაზღვრავს სამართლის როგორც ნორმატიული სისტემების ერთობლიობის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და ადგენს სამართლის აუცილებელი კომპონენტის -სამართლიანობის კრიტერიუმს. რადბრუხის მთავარ გზავნილს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, რომ თუ სახელმწიფოს სამართალი შინაარსობრივად უსამართლოა, ხოლო ინსტიტუტების მიერ სამართლიანობისაკენ სწრაფვა სრულიად იგნორირებული, სადაც თანასწორობის პრინციპი როგორც ბირთვი სამართლებრივი სახელმწიფოსი შეგნებულად უგულებელყოფილია, წარმოადგენს უმართებულო სამართალს და მას არ შეიძლება ეწოდოს სამართალი.

კანონშემოქმედისათვის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სამართლებრივი უსაფრთხოების მიღმა არსებობს სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის განმაპირობებელი კრიტერიუმები, რომლითაც საკანონმდებლო ბიუროკრატია უნდა სარგებლობდეს კანონის ინიცირებისა და მიღების პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში რადბრუხისეულ ‘უსამართლო სამართალს’ შეუძლია მწვავე და სახიფათო ვნებათაღელვა გამოიწვიოს საზოგადოებაში და დიდად ავნოს ეროვნულ ინტერესებს, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური გამოწვევების ფონზე, როგორებიცაა მზარდი ბიოლოგიური, ეკონომიკური და სამხედრო საფრთხეები.

საქართველოს პარლამენტში კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ 2023 წლის 22 თებერვალს ‘უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ’ ინიცირებული კანონპროექტი იურიდიულად დაუხვეწავი, შინაარსობრივად უსამართლო და არამიზნობრივია. აღნიშნული კანონი მოსამართლის წინაშე ქმნის სამართლებრივ დილემას, ‘უმართებულო სამართლის’ ინტერპრეტაციის დროს იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპით თუ მატერიალური, პოზიტიური სამართლით, შერაცხოს პირი უცხოური გავლენის აგენტად თუ არა. ჯერ კიდევ სუსტი ინსტიტუციური დემოკრატიის პირობებში, სადაც მმართველი სახელისუფლებო პარტიის კონტროლს ექვემდებარება ხელისუფლების სამივე შტო, რა მიზანს ემსახურება ინიცირებული კანონპროექტი? რა არის ის კრიტერიუმები რომლითაც სასამართლო ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს კონკრეტული ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და განუსაზღვროს მას უცხოური გავლენის აგენტის კონკრეტული იურიდიული სტატუსი. სტატუსის მდგენელ მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის სახელმწიფოს საზღვრებს გარედან მიღებული ფინანსური წყაროები.

საგულისხმოა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის და სახელმწიფოს ვალის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალი ჯამში თითქმის 22 მილიარდი ლარს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 58% ევროს ვალუტაშია დენომინირებული ხოლო 32% აშშ დოლარში. ცალსახაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად სჭირდება საგარეო ფინანსური დახმარებები, როგორც პარტნიორი ორგანიზაციების ისე მეგობარი ქვეყნების მხრიდან. რა გასაკვირია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, პროფესიული გაერთიანებები და სხვა ინტერეს ჯგუფები რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ ადამიანებს და პროექტებს საჭიროებენ ფინანსურ თუ ლოგისტიკურ მხარდაჭერას. ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში აღნიშნულივე შეთანხმება დიდ როლს ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციების როლს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს, რომ ისინი წარმოადგენენ მოქალაქეთა ინტერესებს პოლიტიკურ თუ სასამართლო პლატფორმებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული გაერთიანებები, მედია წარმომადგენლობები და აკადემიური დაწესებულებები წარმოადგენენ ალტერნატიულ ინსტიტუციურ პლატფორმას მოქალაქეთა უფლება-თავისუფლებების რეალიზებისა და დაცვისათვის. აღნიშნული აქტივობები კი სახელმწიფოს მხრიდან არათუ შეზღუდვას, მხარდაჭერას იმსახურებს.

არგუმენტი, რომ კანონპროექტი წარმოადგენდა აშშ’ში მოქმედი მსგავსი კანონპროექტის ანალოგიას და მისი სრული ინკორპორირება იგეგმებოდა საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, სამართლებრივად მიზანშეუწონელი და კანონიერი უმართლობაა, რამეთუ ყოველი ნორმატიული აქტი საჭიროებს დამატებით ეროვნულ კომპონენტებს, ინსტიტუციური გამოცდილების, გამომდინარე ეკონომიკური შედეგების, კულტურული და პოლიტიკური მოცემულობების მკაფიო გაანალიზებასა და დაკონკრეტებას, ამასთანავე განხილვის პროცესში საზოგადოების ფართო წრის ჩართულობის უზრუნველყოფას, რასაც ჩვენს შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ორგანომ და მართველმა პარტიამ საჭიროდ არ ჩათვალა ფართო კონსესუსის გამართვის აუცილებლობა აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით და საზოგადოების აზრის მოსმენა, განხილვა და გააზრება, მიუთითებს რომ მას როგორც ხელისუფლების მატარებელს არ ესმის საზოგადოების ფუნქცია და როლი სახელმწიფოში ან შეგნებულ უგულებელყოფას უკეთებს მას, რაც სუსტი დემოკრატიის განმსაზღვრელია, დემოკრატიისა როგორც სახელმწიფოს მართვის ფორმა და ინსტიტუციური გამოცდილება, უფლება-თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური გარანტიების მდგრადობა და უპირობო დაცვა.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის არაერთ ქალაქში, რამაც გამოიწვია წინააღმდეგობა და დაპირისპირება საპოლიციო და საპროტესტო ძალებს შორის. საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მსვლელობის დროს დაკავებული დემონსტრანტების სასამართლოს წინაშე წარდგენით გამოჩნდა მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუტების მანკიერი და ჩვეული პრაქტიკა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასამართლოში შესაბამისი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, ანუ სრულიად მოუმზადებლები, ითხოვენ დაკავებული პროტესტანტების მკაცრ ადმინისტრაციულ პასუხისგებას და რიგ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივ დევნას. ჩატარებულმა სასამართლო პროცესებმა აჩვენა, რომ სასამართლო უმეტეს შემთხვევებში იზიარებს პოლიციის წარმომადგენლის სიტყვიერ პოზიციებს, თუნდაც პირის მიერ დანაშაულის ჩადენის მამტკიცებელი კონკრეტული ფაქტების წარმოდგენის გარეშე და უგულებელყოფს აქციის მონაწილეების უფლება-თავისუფლებებს. სასამართლოს ხშირ შემთხვევებში არ შეუძლია კონსტიტუციით უზრუნველყოფილი, მოქალაქეთა უფლება-თავისუფლებების დაცვის კონკრეტული მექანიზმების განსაზღვრა და მათი დაცვა, ინსტიტუტს რომელიც წარმოადგენს კანონის მთავარ ინტერპრეტატორს და თავისუფლების მთავარ გარანტორს.

აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს იბარებენ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გასაცემად და ის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის, პარლამენტის წევრის კითხვებს პასუხებს არ სცემს და ნაცვლად დაკავებულია მათი ‘პოლიტიკური ლუსტრაციით’, მიანიშნებს რომ პრემიერ-მინისტრს არ ესმის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ის არც გუსტავ რადბრუხს იცნობს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG