Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის, ბინას" - დევნილების პროტესტი ზუგდიდში


ზუგდიდი. დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში.
ზუგდიდი. დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში.

ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ახალი საცხოვრებელი ბინის მიღების მოთხოვნით 31 მარტს საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დასახლების მოპირდაპირედ ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც დევნილებს პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრნენ და დაჰპირდნენ, რომ მომდევნო კვირაში მათ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, წლებია გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება და ამის მიუხედავად, ახალი ფართების მისაღებად საჭირო ქულები მაინც ვერ მიიღეს. ეჭვობენ, რომ დევნილთა განსახლება კორუფციული სქემით ხდება და ფართებს აძლევენ, ისეთ პირებს, ვისაც სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდა შეუძლია.

ზუგდიდი. დევნილთა პროტესტი.
ზუგდიდი. დევნილთა პროტესტი.

გალიდან დევნილ ბაჩუკი ლაზარიას თქმით, ოთხსართულიან შენობას მძიმე საცხოვრებელი პირობების პარალელურად მუდმივად ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც აქვს, რაც ართულებს ცხოვრებას. მისი განმარტებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია, რადგან „ენერგო პრო ჯორჯიამ“ 1000 ლარის ოდენობის დავალიანების გამო გათიშა. ელექტროენერგიის მიწოდება 30 მარტის ღამეს აღდგა, მას შემდეგ რაც შენობის მობინადრეებმა აქცია გამართეს, ერთ-ერთმა კი პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა.

როგორც ბაჩუკი ლაზარიამ რადიო თავისუფლებას განუმარტა, დასახლებას გარეთ აქვს დამონტაჟებული ერთი მრიცხველი, რომელიც დენის დანახარჯის საერთო მაჩვენებელს იძლევა და რომლითაც ხელმძღვანელობს ენერგოკომპანია. დასახლების მცხოვრებლებს კი საკუთარი ხარჯის გასარკვევად, ოთახებთან ინდივიდუალურად აქვთ დამონტაჟებული ძველი, საბჭოთა პერიოდის მრიცხველები.

ზუგდიდი. დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში.
ზუგდიდი. დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში.

„ჩვენი მრიცხველების მონაცემები არ ემთხვევა, ენერგოკომპანიის დიდი მრიცხველის მაჩვენებელს და ამის გამო გვეუბნებიან, რომ დავალიანება გროვდება. ჩვენ ყველა ვაგროვებთ და ვიხდით იმ თანხას, რასაც ჩვენი მრიცხველი წერს, მაგრამ სულ გვითიშავენ. ახლაც ჟურნალისტები რომ მოვიდნენ ამიტომ ჩართეს, თორემ ჩააქრობენ“,- თქვა ბაჩუკი ლაზარიამ.

ზუგდიდი. დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში.
ზუგდიდი. დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილი ქარსილაძეების ოჯახში ამბობენ, რომ მათი 2 წლის შვილი მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის. ეს იმის გამო, რომ ყოფილი კოლეჯის შენობაში, ნესტიან ოთახში უწევს ცხოვრება, სადაც კედლებს სისველის გამო ბათქაში ცვივა. 28 წლის მარიამ ქარსილაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ შენობაში არ არის კანალიზაცია, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

„მყავს 2 წლის ბავშვი. ლოგინიც კი აგურებით არის აწყობილი. ნესტია. ყველა მხრიდან წყალი შემოდის. ამ ნესტის გამო ბავშვი ხშირად ხდება ცუდად. სად წავიყვანო ეს ბავშვი? ამის თანხა, რომ მქონდეს, წავიდოდი სადმე სხვაგან საცხოვრებლად. დაგვაკმაყოფილონ ბინით რადგან გვეკუთვნის. არაფერს ვითხოვთ ისეთს რაც არ გვეკუთვნის“, - გვითხრა მარიამ ქარსილაძემ.

ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, დასახლებაში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს, აქედან 10 ადგილობრივია, თუმცა უსახლკარო. ირწმუნებიან, რომ პრობლემების მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართეს, როგორც მერიას, ასევე დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობას, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომაც სხვა გზა, გარდა პროტესტისა არ დარჩათ.

ზუგდიდი. დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში.
ზუგდიდი. დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა ბინით დაკმაყოფილების შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროს ზურაბ ეგუტიასთვის. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კოლეჯის შენობის მცხოვრებლები მასთან იმყოფებოდნენ, თუმცა კონკრეტული მოთხოვნები და კითხვები არ ჰქონიათ. ზურაბ ეგუტია ირწმუნება, რომ ინფორმირებული იყვნენ მხოლოდ ელექტროენერგიის დავალიანების თაობაზე და დევნილების მოთხოვნაზე, რომ ეს საკითხი მოეგვარებინათ.

მისი სიტყვებით, მათ სამინისტროს ჩართულობით ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკებას მიაღწიეს - დავალიანების ნაწილი გადაიხადეს და დარჩენილის ეტაპობრივ დაფარვაზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება ბინებს, როგორც ეგუტია ირწმუნება, დევნილებს ეს მოთხოვნა მასთან არ ჰქონიათ.

„დღეს ისეთი აჟიტირებულები მოვიდნენ, არც კითხვა დაუსვამთ და არც არაფერი...სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე რა უნდოდათ. ყველაზე მეტად აჟიტირებული იყო სხვათა შორის არადევნილი, ადგილობრივი, რომელიც ვერ გავაჩერეთ. კიოდა და წიოდა. ვუთხარი დაგვტოვე დევნილებთან-მეთქი. შემდეგ ტელევიზია მოვიდა და საერთოდ უკონტროლოები გახდნენ. ბინებზე მათი მოთხოვნის შესახებ თქვენგან მესმის მე პირველად... ბინების მშენებლობა იწყება წელს და დასრულდება 2025 – 2026 წლებში. ყველა დაკმაყოფილდება ბინით და მათ იციან ამის შესახებ. ბინა როგორ უნდა მივცეთ, როცა ფიზიკურად ახლა ბინა არც არის. ამის შესახებ მათ დღეს არ უთქვამთ. რადგანაც შუქი ჩავურთეთ, გადავუხადეთ, ეტყობა მათგან სხვა პრეტენზიები წამოვიდა უკვე. არ ვიცი“, - განაცხადა ზურაბ ეგუტიამ.

პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ ისინი დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებს მომდევნო კვირაში ვერ შეხვდებიან ან კონკრეტულ პასუხს მათგან არ მიიღებენ, პროტესტი განახლდება.

XS
SM
MD
LG