საქართველოში იმყოფება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. მან მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში „საქართველოს მწვანე ევროპული პერსპექტივა“.
დისკუსიის ფარგლებში ის შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.
ვიოლა ფონ კრამონთან ინტერვიუ ჩაწერა ტელეკომპანია „ფორმულამ“. ჟურნალისტთან საუბრისას, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნები დგას დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით:
„გასულ კვირას აქ იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, რომელმაც ნათლად თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი. უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, სუვერენული სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეეძლება აკონტროლოს და დააკვირდეს, რას აკეთებენ პოლიტიკოსები და რას აკეთებს მთავრობა. არც ერთ ჩვენგანს არასდროს ჰქონია სურვილი საქართველოს ომში ჩართვის. მთავარი, რასაც ჩვენ ველით, არის ის, რომ საქართველო იყოს შესაბამისობაში ჩვენს საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკასთან, რაც ასევე, მოიცავს სანქციების რეჟიმს. ამ დრომდე საქართველო საწინააღმდეგოს აკეთებს და პირიქით, სარგებელს იღებს ომიდან“ [ფორმულას თარგმანი].
გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში გამართულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზეც მივიდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერას გამოხატავს. ევროპარლამენტარმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ მიეღო ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონი, "სამარცხვინო" უწოდა:
"მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო იყო ის, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოხდა. ჩვენთვის, ევროკავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა ლაზარეს მხარდასაჭერად. შესაძლოა, ჩადენილი იყო რაიმე დანაშაული, თუმცა, ის გამოარჩიეს, მისკენ გაიშვირეს თითი და ეს სამარცხვინოა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება, დემონსტრაციის გამართვის უფლება და არ უნდა გამოვარჩიოთ ინდივიდები, დემონსტრაციების მონაწილეები. ამიტომ არის კარგი, რომ ხალხი გამოვიდა და სოლიდარობა გამოხატა".
არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.