Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ - წყაროები ბრიუსელში


წყაროების ცნობით, ევროკომისიის მზაობაზე, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, საზოგადოების ნათლად გამოხატულმა ნებამაც იმოქმედა. ფოტოზე- დემონსტრანტები 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე, რომლის შედეგად მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტიდან გაიწვია. 
წყაროების ცნობით, ევროკომისიის მზაობაზე, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, საზოგადოების ნათლად გამოხატულმა ნებამაც იმოქმედა. ფოტოზე- დემონსტრანტები 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე, რომლის შედეგად მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტიდან გაიწვია. 

არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია.

ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.

წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას.

6 თვე გადაწყვეტილებამდე - რა უნდა ვიცოდეთ

თანამდებობის პირები ბრიუსელში, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები, ისე, როგორც წევრი ქვეყნები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მომხრენი არიან 2023 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში გახსნან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. თუმცა ეს გზა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.

საქართველო მოლდოვას და უკრაინას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება.

რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი ორი მნიშვნელოვან საკითხზე მიუთითებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია:

  1. „პირველ რიგში, დროის - ჯერ მხოლოდ მარტია. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, - ესე იგი, ექვს თვეში. პოლიტიკაში ნახევარი წელი არის მთელი ცხოვრება, ძალიან დიდი დრო და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ამ პერიოდში;
  2. მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ევროკომისია [მოლდოვისა და უკრაინის] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვა, საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც უნდა მიაღწიონ კონსენსუსს და დაამტკიცონ ეს რეკომენდაცია“.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დროშები ევროკავშირის დროშებზე. 2022 წლის 16 ივნისის დემონსტრაცია თბილისში.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დროშები ევროკავშირის დროშებზე. 2022 წლის 16 ივნისის დემონსტრაცია თბილისში.

ჩვეულებრივ, EU-ში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და რთულია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნისათვის ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე, ბიუროკრატიული პროცესების დაჩქარების შანსი გაჩნდა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის და მოლდოვის კვალდაკვალ წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა.

2022 წლის ივნისში ევროპულმა კომისიამ, საკითხის უპრეცედენტო სისწრაფით განხილვების შემდეგ, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინაპირობა დაუწესა – 12 რეკომენდაციის შესრულება.

ანგარიშის მოლოდინში

რეკომენდაციების შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება, მნიშვნელოვანი როლი ექნება გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაში. შეფასების მომზადება აპრილში დაიწყება.

ამასთან, 2023 წლის მაისში ევროკომისია ასევე დახურულ ფორმატში ზეპირად წარადგენს ანგარიშს რეკომენდაციების შესრულებაზე.

საქარველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ნაწილის შესრულებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, - მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმას, დეოლიგარქიზაციას და ა.შ.. თუმცა რეკომენდაციებში იყო შედარებით მოკლე ვადაში შესრულებადი საკითხებიც.

ასეთი იყო სახალხო დამცველის არჩევა კონსენსუსზე დაფუძნებით, რაც ლაკმუსის ქაღალდად მიიჩნეოდა. სახალხო დამცველად 7 მარტს პარლამენტარებმა 96 ხმით აირჩიეს ლევან იოსელიანი, პარლამენტარი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი.

პარალელურად, „ქართულის ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ, მთელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ, რასაც სტრატეგიული პარტნიორები ეწინააღმდეგებოდნენ.

ოპონენტები მიუთითებდნენ, რომ რუსეთის „აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსი კანონპროექტის მიღებით ქვეყანა უხვევდა კონსტიტუციით განმტკიცებული პროდასავლური კურსიდან.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ 13 მარტს განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით საქართველომ შესასრულებელი 12 პრიორიტეტიდან 2 დაარღვია.

საბოლოოდ, 7-8-9 მარტს მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ჩააგდო. ევროკავშირი ამ ნაბიჯს მიესალმა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, განაგრძონ მუშაობა რეფორმებზე.

რიკარდ იოზვიაკი, წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობამდე მივიდა, ერთი მხრივ, საზოგადოების ნათლად გამოხატული ნების დანახვის, მეორე მხრივ კი დემონსტრაციების გამო ხელისუფლების მიერ კანონპროექტის უკან გაწვევის, - როგორც პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების, - ფონზე.

შარლ მიშელი და მაია სანდუ მოლდოვაში. 2023 წლის 28 მარტი
შარლ მიშელი და მაია სანდუ მოლდოვაში. 2023 წლის 28 მარტი

„მნიშვნელოვანი მომენტები“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 28 მარტს მოლდოვის დედაქალაქ კიშიონივში პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში მოსალოდნელია „მნიშვნელოვანი მომენტები“ რამდენიმე ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.

„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით და საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან, ასევე დებატები [მიმდინარეობს] დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით“, - თქვა მან.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ამ საკითხის ხელახლა დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე წლის ბოლოსთვის ვაპირებ. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკომისის მიერ მომზადებილი ანგარიშის გათვალისწინებით“, - განაცხადა შარლ მიშელმა 28 მარტს.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება დადებითი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიშელმა.

ბრიუსელის მზადყოფნა

წყაროებთან საუბარი ცხადჰყოფს, რომ ამჟამად ბრიუსელში არსებობს პოლიტიკური ნება, დადებითი სიგნალი მიეცეთ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

მოლდოვისა და უკრაინისთვის ეს „შემდეგი ნაბიჯი“ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა იქნება, საქართველოსთვის კი - კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. მეტიც, - არც მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია ნიშნავს ამას.

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ
ევროკავშირის დროშები ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ

მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება 2005 წლის შემდეგ არის ევროკავშირის დღის წესრიგში, - მას შემდეგ, რაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, - თუმცა გაწევრიანების მოლაპარაკებები, ევროკომისიის მრავალწლიანი რეკომენდაციების მიუხედავად, 2022 წლამდე არ გახსნილა. ამას ხელს უშლიდა ჯერ საბერძნეთის, შემდეგ კი ბულგარეთის მხრიდან პროცესის დაბლოკვა.

არ არის გამორიცხული, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დამატებითი რეკომენდაციები მოჰყვეს.

რაც შეეხება უკრაინა-მოლდოვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს - მოლაპარაკებების გასახსნელად საჭიროა ევროკავშირის საბჭოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტილება, თავის მხრივ, უნდა დაეყრდნოს ევროკომისიის დასკვნას. კომისიამ უნდა დაადასტუროს, რომ კანდიდატი ქვეყანა აკმაყოფილებს ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“.

რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებაში პროცესის წინ წაწევის შესახებ გადაწყვეტილებისათვის მზაობას განაპირობებს კიდევ ერთი ფაქტორი:

„ევროკომისია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს წელს, რადგან იცის, რომ მომავალი წელი არის საარჩევნო წელი [2024 წელს ევროპარლამენტის არჩევებია ჩანიშნული], ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად იმოქმედოს. ოფიციალური პირები ხვდებიან, რომ ისინი დროის გამო ზეწოლას განიცდიან არა მხოლოდ [უკრაინის] ომის გამო, არამედ ევროკავშირის საარჩევნო კალენდრის გამოც“, - ამბობს იოზვიაკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG