Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი ორი ახალი მოადგილე
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი ორი ახალი მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საზოგადოებას ომბუდსმენის ახალი მოადგილეები გააცნო - ესენი არიან ელენე ღუდუშაური (იურისტი, სამართლის მაგისტრი) და ნათია ჯულაყიძე (საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი).

"სწორედ მათთან ერთად ვიმუშავებ მომავალი წლის განმავლობაში", - თქვა ლევან იოსელიანმა.

"დღეს, როცა საქართველო ელის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და შესასრულებელი გვაქვს 12 პუნქტი, ვიცი, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი იმაზე დიდი ყურადღების ქვეშ იქნება და მის განცხადებებს იმაზე დიდი ყურადღებით დააკვირდებიან, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ვეცდებით, რომ ჩვენი თითოეული სიტყვა, ყველა განცხადება იყოს მაღალ არგუმენტაციაზე დაფუძნებული“, - განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.

ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.

ათია ჯულაყიძე კი სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

ელენე ღუდუშაურმა და ნათია ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილეების პოსტებზე ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე შეცვალეს, რომლებმაც თანამდებობები 30 მარტს დატოვეს.

სახალხო დამცველს სულ სამი მოადგილე ჰყავს.

აპარატში რჩება და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე იქნება თამარ გვარამაძე, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა.

ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტმა 96 ხმით დაამტკიცა 2023 წლის 7 მარტის სხდომაზე, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებდნენ.

კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, მალევე, რუსთაველის გამზირზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში აქციების მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით დაშლას ცდილობდა.

7 მარტს აქციაზე მისულ ლევან იოსელიანს პროტესტანტების ჯგუფმა კვერცხები დაუშინა. სახალხო დამცველმა თქვა, რომ ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ის იქნება ყველას სახალხო დამცველი. მან მოინახულა აქციის პერიოდში დაკავებულები, წარდგენილ დასკვნაში სამართალდამცველების გადაცდომებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ „უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები“.

XS
SM
MD
LG