Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომელსაც სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენა ედება ბრალად


თბილისი. სასტუმრო „ამბასადორი" ხანძრის შემდეგ
თბილისი. სასტუმრო „ამბასადორი" ხანძრის შემდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში", ხანძრის გაჩენა ედება ბრალად. ანზორ ლომიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 3 აპრილს, იმსჯელა.

ბრალდებული ანზორ ლომიძე
ბრალდებული ანზორ ლომიძე

"განათლება არაფერი. სკოლა - სტანდარტული… ახლა საცხოვრებელი არ მაქვს", - თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა 31 მარტს სასტუმროს ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა - გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რამაც „ამბასადორის“ მე-3 და მე-4 სართულები დააზიანა.

ხანძარს მეხანძრე-მაშველები ერთ საათზე მეტხანს აქრობდნენ. ხანძრის ლოკალიზების შემდეგ თბილისში, შავთელის ქუჩაზე, მდებარე სასტუმრო „ამბასადორის" ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება). დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით პოლიციამ 1995 წელს დაბადებული ანზორ ლომიძე დააკავა.

XS
SM
MD
LG