Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული - TI-ის კვლევა


ფოტოილუსტრაცია: ენგურჰესის კაშხალი
ფოტოილუსტრაცია: ენგურჰესის კაშხალი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც 2010-2022 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორის მაჩვენებლები და ტენდენციებია მიმოხილული.

"საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა,
ვიდრე გამომუშავება, რასაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა მოჰყვა"
, - ესაა მკვლევრების ერთ-ერთი დასკვნა. ისინი იქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ ბოლო წლებში საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული.

ავტორების შეფასებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, ქვეყანაში ენერგოკრიზისი არ შეიქმნება.

რა წილი აქვს რუსეთს და სხვა ქვეყნებს?

კვლევამ აჩვენა, რომ 2013 წლამდე რუსეთის წილი საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტში 95%-მდე იყო, რაც 2017 წლიდან მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა აზერბაიჯანმა. თუმცა გასულ წელს სიტუაცია ისევ შეიცვალა და იმპორტში რუსეთის წილმა იმატა.

რიცხვებში ეს ტენდენცია ასე გამოჩნდა:

  • 2021 წელს იმპორტში რუსეთის წილი 25% იყო, გასულ წელს კი 58%-მდე გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანის - 20%-მდე შემცირდა;
  • 2022 წელს 22%-მდე გაიზარდა სომხეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის წილი.

მიუხედავად რუსეთიდან იმპორტის ზრდისა, რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში მაინც დაბალი დარჩა - 2021 წელს 1.8%, ხოლო 2022 წელს 2.6% იყო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე რადიო თავისუფლებასთან ამ ტენდენციას იმით განმარტავს, რომ "ჯამში ცოტა იმპორტირებულ ელექტროენერგიას მოვიხმართ".

"უფრო და უფრო მეტი შემოვიტანეთ რუსული, მაგრამ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდა. რეალურად, შემცირდა აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტის კლების ხარჯზე.

ადგილობრივი ქართული ჰესების და თბოსადგურების გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოვიხმართ 95%-ს, ამიტომ სულ რომ რუსული მოვიხმაროთ, იმპორტი 5%-ზე მეტი ვერ იქნება შიდა მოხმარებაში", - ამბობს ნამჩავაძე.

მისივე თქმით, რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც, კრიზისი ვერ შეიქმნება, როცა არსებობენ ალტერნატიული მომწოდებლები - სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.

რა წილი აქვს იმპორტს ელექტროენერგიის შიდა მოხმარებაში?

"TI-საქართველოს" კვლევამ აჩვენა, რომ 2017 წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ვერ დაეწია შიდა გამომუშავების ზრდა და შედეგად, იმპორტი შიდა მოხმარების 12.6%-მდე გაიზარდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტების გამომუშავებაა.

გარდა ამისა, 2021 წელს, წინა ორ წელთან შედარებით, იმპორტმა მნიშვნელოვნად იკლო - აფხაზეთში გასული ელექტროენერგიის გარეშე იმპორტის წილი მხოლოდ 7.4% იყო, ხოლო 2022 წელს, აფხაზეთის გარეშე კიდევ უფრო მეტად, 4.5%-მდე შემცირდა.

კვლევის ავტორების შეფასებით, 2021-2022 წლებში იმპორტის წილის შემცირების მთავარი მიზეზი ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების 31%-ით ზრდა იყო.

ტარიფი და შუამავალი კომპანიები

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ბოლო 10 წელში საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 40%-ით გაიზარდა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ტარიფის ზრდა იმ შუამავალ კომპანიებს უკავშირდება, რომლებიც ელექტროენერგიის იმპორტს მოგების მიღების მიზნით ახორციელებენ. კვლევით დადგინდა ისიც, რომ ეს კომპანიები ყოფილი მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეებს ეკუთვნით.

"პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ყოფილ პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია „Elgreen Holdings Incorporated“ არის ჩართული.

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგია“ ჩართული, რომლის 50.01% რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის, ხოლო 49.99% საქართველოს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) ყოფილ გენერალურ დირექტორს - ვახტანგ ამბოკაძეს", - ვკითხულობთ კვლევაში.

მოხმარება და გამომუშავება - კიდევ რა მიგნებებია კვლევაში?

  • 2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება 42%-ით გაიზარდა;
  • საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 75%-მდე ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, 24% - თბოელექტროსადგურებზე (თეს) და 1%-მდე ქარის სადგურებზე.
  • საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 26% „ენგურჰესზე“ მოდის;
  • 2022 წლის ბოლოს საქართველოში 109 ჰესი, 5 თესი და ერთი ქარის სადგური იყო;
  • 2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 68%-ით გაიზარდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს, 14,181 მლნ კვტ საათს 2022 წელს მიაღწია.

XS
SM
MD
LG