Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლება, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი


"ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი
"ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ არათუ ოპოზიცია, "ქართული ოცნება" იყოს სასამართლო სისტემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 6 აპრილს, მედიასთან ისაუბრა და უპასუხა ოპოზიციის მოთხოვნას, კენჭი ეყაროს უკვე რეგისტრირებულ წინადადებას, რათა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში კანონდარღვევებს გამოიძიებს. ოპოზიციამ ამისთვის რიგგარეშე სესიის ჩატარებაც მოითხოვა.

"შეიძლება, ჩვენ დავსვათ ეს საკითხი, მათი [ოპოზიციის] რიგგარეშე სხდომების გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ამის შემდეგ გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საგამოძიებო კომისია და შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ამის ინიციატორი. არავის შეხსენება არ გვჭირდება.

თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, ამ ნაბიჯსაც, დიდი ალბათობით [გადავდგამთ], ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, არაფერს გამოვრიცხავ", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

მანამდე ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართეს, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ სურთ საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს უკვე ინიციირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

"ამ მიზნით ორშაბათს, 10 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ. ნებისმიერი დღე, რომელიც მოსამართლეთა სანქცირების თემასთან დაკავშირებით რეაგირებას დააყოვნებს, საქართველოსთვის შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს.

პარლამენტის თითოეული წევრი გადაწყვეტილებას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს. რეაგირების არმოხდენა სანქცირების გაგრძელების და ამ ქვეყნისვე განვითარების შეფერხების საფუძველი გახდება", - თქვა კორძაიამ.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხებათ არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

XS
SM
MD
LG