Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაიკეტა ფახულანი-საბერიოს ე.წ. გამშვები პუნქტიც


ენგურის ხიდი, 7 აპრილი 2023 წელი
ენგურის ხიდი, 7 აპრილი 2023 წელი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდის პარალელურად ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა გალის რაიონის სოფელ საბერიოშიც, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება.

ენგურის გამშვები პუნქტისგან განსხვავებით, აქ მგზავრთა გადაადგილება ორმხრივად აიკრძალა. „მესაზღვრეები“ მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ და არც სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნების უფლებას აძლევენ. ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს წალენჯიხის მერის წარმომადგენელი სოფელ ფახულანში, კახა გოგოხია. თუმცა ჩაკეტვის მიზეზები და ვადა მისთვის უცნობია.

"ვინ გეტყვის იქ მიზეზებს?! დაკეტეს დილით. არავის არაფერი არ უთქვამსო. ხალხი ხედავს იმას, რომ დაკეტილია და მორჩა. ვინ უხსნის მათ რატომ და რისთვის?!” - განაცხადა კახა გოგოხიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდიც დღეს, 7 აპრილს, ცალმხრივად ჩაიკეტა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ. გამონაკლისის სახით ორმხრივად გადაადგილებას ახერხებენ მხოლოდ “ენგურჰესის” თანამშრომლები.

დილით ცხრის ნახევარზე გადმოვედი იქედან. მე გამომიშვეს იმიტომ, რომ “ენგურჰესის” თანამშრომელი ვარ. მარტო ჰესის თანამშრომლებს უშვებენ, სხვები იქ იდგნენ… ერთი 30 ადამიანი კი იდგა. მერე მოემატებოდა ალბათ კიდევ. აქეთ [ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე] არა და იქით [ოკუპირებულ აფხაზეთში] ყველას უშვებენ. რატომ, იმან [ე.წ მესაზღვრემ] რა იცის, ბრძანება მოგვივიდაო. 10 აპრილამდეა დაკეტილიო”, - თქვა ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში ჩასულმა როლანდ ზაქარაიამ.

მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზის კვეთაზე შეზღუდვების მიზეზი არავის განუმარტავს, მოქალაქეები ამ ფაქტს თბილისში 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ.

“სავარაუდოდ, 10 აპრილამდეა ჩაკეტილი. ყველა თბილისში დაგეგმილ 9 აპრილის აქციას უკავშირებს, რადგან ამ აფხაზებს არეულობის ეშინიათ. ზუსტად არავინ იცის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებმა ნაბაკეველმა ქალმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ენგურის ხიდის ცალმხრივად დაკეტვის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს.*

სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან - ენგურის ხიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან - საბერიო-ფახულანის.

განახლება:

* მასალის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა კომენტარი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობის დასაწყვეტილებასთან დაკავშირებით: „საოკუპაციო ძალის აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის მორიგ აქტს და აუარესებს, როგორც ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ, ისე უსაფრთხოების გარემოს”.

XS
SM
MD
LG