აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. როგორც შეხვედრის შემდეგ ქალაქ გაბალაში ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს ორი ქვეყნის ლიდერებმა, განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„საქართველო ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. როგორც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით ჩვენ, ორივე ქვეყანამ, მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და სწორედ ამ საკითხებზეც გვქონდა ჩვენ საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ასევე ისაუბრეს უკრაინაში ომის გამო არსებულ რთულ ვითარებაზე და როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, "ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება."
„ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენს ხალხებს. ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა მეტი პროექტები განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს.“
ირაკლი ღარიბაშვილმაც და ასევე ილჰამ ალიევმაც ბრიფინგზე ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს
„ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ჩვენ დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, შუა დერეფანთან მიმართებით ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო.
„ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს მომავალშიც. ეს არის ძირითადი ასპექტები ჩვენი თანამშრომლობის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას - თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს. ძალიან დიდი მადლობა და მოგესალმებით აზერბაიჯანში“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში დღეს, 7 აპრილს, გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.