Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე კანცელარიასთან სკვერის მოწყობაზე: ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემით


სკვერის მოწყობის სამუშაოები მთავრობის კანცელარიის წინ
სკვერის მოწყობის სამუშაოები მთავრობის კანცელარიის წინ

თბილისის მერი, კახა კალაძე კომენტარს აკეთებს მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კალაძის თქმით, ჯერჯერობით მერიას ნებართვა არ აქვს გაცემული აქ სკვერის მოწყობაზე. კანცელარიასთან გუშინ, 7 აპრილს გამოჩნდა სამშენებლო არმატურა და სილით სავსე ტომრები და დაიწყო ტერიტორიის შემოღობვა - ამ ადგილას 8 და 9 აპრილს ორი სხვადასხვა აქცია იყო დაგეგმილი.

„მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები“, - კახა კალაძის ამ კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კალაძე გამორიცხავს საპროტესტო აქციების კავშირს სკვერის მოწყობის იდეასთან.

„ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემით. მე მახსოვს, როდესაც დავიწყეთ პარლამენტის შენობის წინ არსებული სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება და გალამაზება. ამაში ცუდი არაფერია. კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ ეს რაიმესთან დააკავშირონ. ერთი მეუბნებოდა, რომ რიკოთის უღელტეხილი თურმე იმიტომ ჩაგვიკეტავს, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, - თქვა კახა კალაძემ.

პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაცია, რომელიც ასევე პროექტისა და ტენდერის გარეშე დაიწყო 2020 წლის იანვარში, პირველადი განცხადებით 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. სამშენებლო სამუშაოები აქ საბოლოოდ დათქმულზე ორჯერ დიდხანს გაგრძელდა და 2020 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნა.

XS
SM
MD
LG