Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის არმია სამდღიან მანევრებზე ტაივანზე ზუსტი დარტყმის ვარიანტებს ამუშავებს


ჩინეთის არმიის სარაკეტო გამშვებ-სამეთაურო ცენტრი მანევრების დროს. 9 აპრილი, 2023 წელი
ჩინეთის არმიის სარაკეტო გამშვებ-სამეთაურო ცენტრი მანევრების დროს. 9 აპრილი, 2023 წელი

8 აპრილს დაწყებული სამდღიანი მანევრების დროს ჩინეთი ამუშავებს ტაივანში შესაძლო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმის ვარიანტებს.

ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი - CCTV.

გასულ კვირაში აშშ-ში ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინვენის ვიზიტის შემდეგ მანევრებს ჩინეთმა უწოდა ავტონომიური ტერიტორიის ხელისუფლების „მკაცრი გაფრთხილება.“

ჩინეთის არმია კუნძულის ალყის ოპერაციას ამუშავებს. 8 აპრილს ტაივანის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ კუნძულის გარშემო ცაში ჩინეთის 70 გამანადგურებელი დაფრინავდა. ამავე ცნობით, ჩინეთის 45-მა თვითმფრინავმა ან გადაკვეთა ტაივანის სრუტის გამყოფი ზოლი, ან შევიდა ტაივანის საჰაეროს თავდაცვის ამოცნობის ზონის სამხრეთ -დასავლეთ ნაწილში.

ამასთან შენიშნეს ჩინეთის 9 სამხედრო ხომალდი. ამ ფონზე შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს თავშეკავებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება პეკინის ქმედებებს და რომ შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი რესურსები და შესაძლებლობები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც მოკავშირეების წინაშე უსაფრთხოების ვალდებულებების შესასრულებლად, წერს ბიბისი.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა ჩაერევა, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხა.

პეკინი ტაივანს თავის ურჩ პროვინციად მიიჩნევს. პეკინი ყოველთვის მკვეთრად რეაგირებდა ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ტაივანის ხელმძღვანელობას შორის საჯარო კონტაქტებზე და დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ისინი ძირს უთხრიან "ერთი ჩინეთის" პრინციპს, რომელიც აშშ-მ აღიარა 1972 წელს.

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ისევე როგორც გაეროს წევრების უმეტესობა, შეერთებული შტატებიც არ ცნობს, მაგრამ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩინეთის მუქარას, ძალის გამოყენებით დაიკავოს კუნძული. კანონის თანახმად, ვაშინგტონს შეუძლია ამ ტერიტორიას სამხედრო დახმარება გაუწიოს.

XS
SM
MD
LG