Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკზე თავდამსხმელისა და ესებუას ხმა იდენტურია - ზუგდიდის სასამართლოში ექსპერტი დაკითხეს


ბადრი ესებუა
ბადრი ესებუა

ზუგდიდის სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუასთვის დანაშაულის დასამტკიცებლად საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება ხმის ექსპერტიზაა. სასამართლოში დღეს დაკითხეს დავით გრატიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულ ბადრი ესებუას ხმა ბანკზე თავდამსხმელის ხმის იდენტურია. მოგვიანებით კი განმარტა, როგორ ტარდება ხმის ნიმუშის ექსპერტიზა და რას უნდა აკმაყოფილებდეს საკვლევი ნიმუშები, რომ უტყუარი შედეგი დადგეს.

იმის დასტურად, რომ კვლევის პასუხი არის უდავო, მოწმემ განმარტა, რომ მასალა - თავდამსხმელის საუბრის ფრაგმენტები, რომელიც წარდგენილი იყო პროკურატურის მიერ, იყო დაუზიანებელი, უხარვეზო, მკვეთრად ისმოდა ხმა და კვლევისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, ხმის ნიმუშების გაშიფვრა, შედარება და კვლევა ხდება სპეციალური პროგრამის დახმარებით.

მიუხედავად მოწმის ამ ჩვენებისა, ექსპერტიზის ეს დასკვნა დაცვის მხარეს „გაყალბებულად“ მიაჩნია. სხდომაზე ადვოკატ იოსებ ჯანაშიას უკმაყოფილება გამოიწვია მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებამაც, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა.

ადვოკატი ითხოვდა ბრალდებულის ხმის ნიმუშის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და ასევე შედარების მიზნით პროკურატურის მიერ მოპოვებული თავდამსხმელის საუბრის ფრაგმენტების გადაგზავნას ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში.

„შუამდგომლობის დაუშვებლობის ეს გადაწყვეტილება იყო ტენდენციური და უსამართლო“, - განაცხადა ადვოკატმა.

თავად მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ დაცვის მხარე ითხოვდა უკვე დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების ხელახლა დასაშვებად ცნობას, რაზეც სასამართლო კვლავ მსჯელობას არ აპირებს.

საუბარია 23 მარტს გამართულ სხდომაზე, სადაც დაცვის მხარეს ანალოგიურ მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ კანონით დადგენილ ვადებში არ გაცვალა მტკიცებულება მეორე მხარესთან და დროულად არ მიმართა სასამართლოს.

გარდა ხმის ნიმუშებისა, დაცვის მხარე არ ენდობა სუნის ნიმუშის ექსპერტიზის შედეგებსაც, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული თავდამსხმელის სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულის ანალოგიური მასალის.

ადვოკატ იოსებ ჯანაშიას თქმით, მიუხედავად მათი სურვილისა, ბადრი ესებუასგან ხმის ნიმუში აიღეს მათ მიერ ნდობით აღჭურვილი ექსპერტის მონაწილეობის გარეშე, რაც ეჭვებს აჩენს პროცესის ობიექტურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იოსებ ჯანაშიას დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია იმ ნივთიერი მტკიცებულებებისთვის, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში 10 აპრილს გამართულ სხდომაზე წარადგინა. ეს იყო თავდამსხმელის და ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები.

პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, სხდომაზე წარდგენილი თავდამსხმელის სუნის ნიმუშები აღებულია უშუალოდ „საქართველოს ბანკიდან“ და ორი ავტომანქანიდან - რომლითაც მივიდა თავდამსხმელი ბანკამდე და რომლითაც მძევლების თანხლებით დატოვა შემთხვევის ადგილი.

პროკურორი შემდეგ სხდომაზე აპირებს წარადგინოს მასრები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ამოღებულია „საქართველოს ბანკიდან“, წალენჯიხის სოფელ სქურიდან, სადაც თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა, ავტომანქანიდან, რომლითაც შეიარაღებული პირი მძევლებთან ერთად გადაადგილდებოდა და ბრალდებულ ბადრი ესებუას სახლიდან. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს მასრები იდენტურია.

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მორიგი სხდომა 12 აპრილს გაიმართება.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG