Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი აფრიკა: პუტინის დაკავების ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტისთვის


BRICS-ის ლიდერთა შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში. 6 ივლისი, 2018.
BRICS-ის ლიდერთა შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში. 6 ივლისი, 2018.

სამხრეთმა აფრიკამ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებისთვის გაცემული საერთაშორისო ორდერი "დაბრკოლებაა" ორგანიზაცია BRICS-ის სამიტისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში გაიმართება აგვისტოში.

პრეტორია, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი. ორგანიზაციაში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა.

მაგრამ სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს.

პუტინისა და ბავშვთა უფლებების რწმუნებულ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ეჭვის გამო. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს დეპორტაციას, ასევე აცხადებს, რომ არ ცნობს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას. სასამართლოს პროკურორისა და რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მარტში ჰააგის სასამართლოს მიერ ორდერის გაცემის შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ცნობად მიიღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი და მათთვის ცნობილია საკუთარი ვალდებულებები. მაგრამ პრეტორიას არ დაუდასტურებია, რომ პუტინის ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ მას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 123 ქვეყანა შედის. რამდენიმე დიდი სახელმწიფო - მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, აშშ - არ მონაწილეობს მის მუშაობაში.

XS
SM
MD
LG