პოლონეთში, სმოლენსკის ტრაგედიის მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო" გადასცეს, თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ცნობა ფეისბუკზე, სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის განკუთვნილი ჯილდო მის დედას, გიული ალასანიას, გადაეცა.
13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა.
25 მარტს საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მიენიჭა ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი, რომელიც სურ ლინდებრეკეს სახელს ატარებს.
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში ამჟამად მძიმე მდგომარეობაა პრორუსული და პროევროპული ძალების დაპირისპირების გამო. აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.