Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ანწუხელიძისთვის ბიუსტის დასადგმელად მოქალაქეებმა 27 ათასამდე ლარი შეაგროვეს


საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის ესკიზი
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის ესკიზი

საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, ბიუსტს დაუდგამენ. საჭირო ფინანსები მოქალაქეებმა შეაგროვეს.

თუშეთის განვითარების ფონდის ინფორმაციით, შემოწირულებების მიღება დასრულდა და ერთი თვის განმავლობაში იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე ბიუსტის დამზადებისთვის არის საჭირო.

„ბიუსტის დამზადება და დადგმა ჯდება 15,360 ლარი, შეგროვდა 13,097 ლარი, 4,290 ევრო და 850 დოლარი. დარჩენილი თანხა მოხმარდება გიორგის სოფელშივე მდებარე მისი სახელობის სპორტულ დარბაზს და ასევე გიორგის სახელობის ყოველწლიურ კვირეულს”, - წერია ფონდის განცხადებაში.

ბიუსტი სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში განთავსდება.

„თუშეთის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის ზურაბ ბაბულაიძის თქმით, მათი სურვილია, რომ ბიუსტი 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნას. ამ დროს ალვანში ყოველ წელს ანწუხელიძის კვირეული ტარდება.

ბიუსტზე მუშაობა უკვე დაიწყო თუშმა მოქანდაკე ბადრი თავბერიძემ.

„მრავალი ბიუსტი მაქვს დამზადებული, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა გმირი ჯარისკაცის მონუმენტს დავამზადებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოქანდაკემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

XS
SM
MD
LG