Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათ ოჯახებთან - საგარეო საქმეთა სამინისტრო


არეულობა სუდანში. 16 აპრილი, 2023 წელი
არეულობა სუდანში. 16 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა საქართველოს საელჩო თურქეთში. განცხადებაში ისინი არ აკონკრეტებენ, საქართველოს რამდენი მოქალაქეა ახლა სუდანში.

"საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით", - აცხადებენ უწყებაში. მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომ ქართველებმა ჰუმანიტარული დერეფნით ვერ ისარგებლეს, სამინისტროში განმარტავენ, რომ რამდენიმესაათიანი დერეფანი მხოლოდ დაჭრილებისა და გარდაცვლილებისათვის იყო განკუთვნილი.

16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე.

BBC სუდანის ექიმთა კავშირის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 100 მშვიდობიანი მოქალაქე.

მოქალაქეების ცნობით, სუდანის დედაქალაქსა და მის გარშემო ისმის მძიმე არტილერიის მუშაობის ხმები.

სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურხანი ალ-ჯაზირასთან კომენტარში აცხადებს, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები "სწრაფი რეაგირების ძალებთან".

მისი თქმით, თუკი ისინი უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე და არ დაყრიან იარაღს, სუდანის დედაქალაქში, ხარტუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანენ სამხედრო ძალებს.

„სწრაფი რეაგირების ძალები“ ეს არის გასამხედროებული ფორმირება, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. 2019 წელს მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს ორგანიზაციამ, რომელიც 100 ათასი ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოახდინა.

არმია და სამოქალაქო ჩინოვნიკები მოითხოვენ, რომ „სწრაფი რეაგირების ძალები“ შევიდეს შეიარაღებული ძალების რიგებში. მოლაპარაკებები ამ საკითხზე პირველ აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულების დაგეგმილმა ხელმოწერამ გაურკვეველი ვადით გადაიწია.

ასევე ნახეთ:

XS
SM
MD
LG