Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას, რომ წამოვიდეთ", - სუდანში დარჩენილი ქართველები ზავის მოლოდინში


კვამლის ღრუბელი სუდანის დედაქალაქის, ხართუმის თავზე.
კვამლის ღრუბელი სუდანის დედაქალაქის, ხართუმის თავზე.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ელიან ადგილობრივ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმებას ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, რომ ევაკუაციის პროცესი დაიწყოს და მათ საქართველოში დაბრუნება შეძლონ.

სამუშაო მივლინებით სუდანში ახლა ორი ავიაკომპანიის - MyWay Airlines-ის 13 და Geosky-ის 20 თანამშრომელია ჩარჩენილი - მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები.

მედიასთან ერთ-ერთ მათგანს, ავიაკომპანია MyWay Airlines-ის თანამშრომელს, მამუკა მარკოზაშვილს აქვს კონტაქტი. რადიო თავისუფლება მას ვაიბერით დღეს, 18 აპრილსაც დაუკავშირდა. გვითხრა, რომ ჯერ არაფერი შეცვლილა. ისევ ელიან ევაკუაციის პროცესის დაწყებას.

ინტერნეტკავშირი ძალიან სუსტია. ტელეფონებიც მალე უჯდებათ, რადგან დენი გამორთულია. მამუკა ამბობს, რომ ელექტროენერგიას მხოლოდ საღამოს, ორი საათით რთავენ და ამ დროში უნდა მოასწრონ ელექტრომოწყობილობების დატენა.

სუდანი. ფოტო გადაღებულია მამუკა მარკოზაშვილის საცხოვრებლიდან
სუდანი. ფოტო გადაღებულია მამუკა მარკოზაშვილის საცხოვრებლიდან

წყალი აქვთ, მაგრამ საკვები ელევათ. "იმედია, დღეს მოგვაწვდიან, თორემ გაგვიჭირდებაო", - გვითხრა მამუკა მარკოზაშვილმა.

სუდანი, ფოტო გადაღებულია მამუკა მარკოზაშვილის საცხოვრებლიდან
სუდანი, ფოტო გადაღებულია მამუკა მარკოზაშვილის საცხოვრებლიდან

შეიარაღებული დაპირისპირება გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის სუდანში 15 აპრილს დაიწყო.

ხართუმში ჩარჩენილი ქართველები გარეთ ვერ გადიან. ქუჩები ცარიელია. ახლომახლო მდებარე სურსათის მაღაზიები დაკეტილი. დროდადრო ისმის დაბომბვის ხმაც. მამუკა მარკოზაშვილი და მისი კოლეგები აეროპორტთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლში არიან. აეროპორტამდე მისასვლელად რამდენიმე წუთია საკმარისი, თუმცა თვითმფრინავის ინსპექტირებას და ასაფრენად გამართვას, მისი თქმით, სულ ცოტა, 2 საათი დასჭირდება.

ავიაკომპანიის თანამშრომლები სუდანში პირველად არ არიან - ეს მათი სამსახურია. ორთვიანი როტაციის რეჟიმით მუშაობენ და ახლაც მივლინებით იყვნენ წასულები:

„დუბაი-ხართუმის რეისი შევასრულეთ და ნახევარ საათში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, მანამდე სიმშვიდე იყო, არაფერი ვიცოდით“, - უთხრა მამუკა მარკოზაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ავიაკომპანია MyWay Airline-ი სუდანში განვითარებულ მოვლენებს გუშინ, 17 აპრილს, ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა და დაწერა, რომ მათ მუდმივი კონტაქტი აქვთ ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში არიან და მათთვის საჭირო საკვების და სხვა ნივთების მიწოდებას პარტნიორების დახმარებით ეცდებიან.

მათივე თქმით, სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან უწყვეტი კავშირი აქვთ თურქეთში საქართველოს საელჩოსთანაც, რომ ეკიპაჟი, რომელიც კომპანიის კუთვნილი და სუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით სამგზავრო რეისებს ასრულებდა, უსაფრთხოდ და დროულად გამოიყვანონ კონფლიქტის ზონიდან.

სუდანში ჩარჩენილი, საქართველოს მოქალაქეების მეორე, 20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომლები არიან.

ჩვენ ვესაუბრეთ Geo Sky-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ახლობელს თბილისში, რომელიც გვიყვება, რომ მოელიან როდის გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი და შეწყდება ცეცხლი, რომ ეკიპაჟის წევრებმა სუდანიდან გამოღწევა შეძლონ.

რადიო თავისუფლების წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ კორპუსში, სადაც Geo Sky-ის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან, აქვთ გენერატორი. ორი დღის წინ დიზელიც მიუტანეს. ცოტა ხნით წყალიც წამოვიდა. თუმცა სუდანში ონკანის წყალი არ ისმება, ამიტომ მოასწრეს, აადუღეს და ისე შეინახეს.

- დღეს როგორ არიან? აქვთ საკვები და წყალი?

- რაღაც საკვებიც ჰქონდათ შემორჩენილი, თუმცა გუშინ ცოტა ხნით შეწყვეტილა სროლა, მაღაზიაში ჩასულან და უყიდიათ წყალი და საკვები. კვირას, ვიცი, რომ მოხარშული მაკარონი ჰქონდათ, ცოტა დარჩენილი ხილიც. გუშინ გახარებულმა მომწერა, ცივი ყავა იყიდეს ბიჭებმაო. იქ ძალიან ცხელა და კონდიციონერსაც ვერ რთავენ.

- რას ხედავენ გარეთ, რა ჩანს, სროლის ხმას ესმით? რას ამბობენ?

- როგორც ვიცი, რაც კი სახლში ავეჯი იყო, ფანჯრებზე ააფარეს ყველაფერი. ღამით შუქი როცა აქვთ, არ ანთებენ, რომ შესამჩნევები არ იყვნენ. დაბომბვების დროს, ქვედა სართულზე ჩადიან. ჩემი ახლობლის ოთახი ქალაქს გადაჰყურებს და ხედავდა, აფეთქების მერე როგორ ამოდიოდა კვამლი სხვადასხვა ადგილიდან. ხედავენ მწვანე და მოთეთრო ფორმაში ჩაცმულ სამხედროებსაც.

- ემოციურად როგორ არიან? რას ამბობენ?

- თავიდან ძალიან დაბნეულები იყვნენ და ეგონათ, რომ მალე წამოვიდოდნენ. თუმცა, ახლა შედარებით შეეჩვივნენ და ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ. თუმცა ვხვდები, რომ ეს ძალიან დიდი შოკი იყო ყველასთვის, რაც მოხდა. არავინ მოელოდა.

რადიო თავისუფლება დღესაც ესაუბრა Airline Geosky-ს ვიცე-პრეზიდენტს, შალვა კიკნაძეს, რომელიც ამბობს, რომ მოახერხეს თავიანთი თანამშრომლების მომარაგება საკვებით და წყლით. სხვა მხრივ, მისი თქმით, ვითარება უცვლელია. ავიაკომპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კავშირზეა და ელიან, როგორ დასრულდება ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები.

„ჩვენი მოქალაქეების გარდა, იქ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიან და ცხადია, ყველა ელოდება უსაფრთხო დერეფნის შექმნას. ყველა ქვეყანა ჩართულია ამ პროცესში“, - ამბობს შალვა კიკნაძე.

Airline Geosky-ს თვითმფრინავმა ერთი თვის წინ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულება თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქალაქებისკენ.

სატელიტურ ფოტოზე მოჩანს ხართუმში დაზიანებული შენობები
სატელიტურ ფოტოზე მოჩანს ხართუმში დაზიანებული შენობები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება განაგრძობს მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

„სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან; აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად. ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სუდანში კვლავ გრძელდება 15 აპრილის დილით დაწყებული დაპირისპირება - ქვეყნის რეგულარული არმიის გენერალ აბდელ ფატახ ალ-ბურჰანსა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალების“ მეთაურს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. ეს ორი გენერალი ყოფილი მოკავშირეები არიან, რომლებმაც ერთობლივად მოაწყვეს 2021 წლის ოქტომბრის სამხედრო გადატრიალება.

დღეს ისინი სუდანში ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ებრძვიან.

მსოფლიო მედიის ცნობით, ამ დაპირისპირებას შედეგად მსხვერპლი 180 ადამიანამდე გაიზარდა. დაჭრილია 1000-ზე მეტი ადამიანი.

ხალხი და დაკეტილი მაღაზიები ხართუმში, სუდანში. 2023 წლის 18 აპრილი. სააგენტო AP-ს ფოტო.
ხალხი და დაკეტილი მაღაზიები ხართუმში, სუდანში. 2023 წლის 18 აპრილი. სააგენტო AP-ს ფოტო.

18 აპრილს მუჰამედ ჰამდან დაგალომ ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ბლინკენთან საუბრის და ასევე, სხვა მეგობარი ქვეყნების მოწოდების შემდეგ - დროებით შეწყდეს ცეცხლი, „სწრაფი რეაგირების ძალები“ თანახმაა 24-საათიან ზავზე, რათა მოხერხდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების უსაფრთხო ევაკუაცია.

დროის დაახლოებით ამავე მონაკვეთში გამოქვეყნებულ გენერლის კიდევ ერთ განცხადებაში კი ნათქვამია:

„სამწუხაროდ, სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა არ შეწყვიტეს ცეცხლი, დაბომბეს მჭიდროდ დასახლებული ადგილები და საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ეს ქმედებები კი არის საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებისა და პრინციპების უხეში დარღვევა“.

CNN-ის ცნობით, სუდანის შეიარაღებული ძალების მეთაურმა მათთან საუბარში თქვა, რომ 24-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე პრინციპული შეთანხმება არსებობდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

თუმცა შემდეგ ფეისბუკზე გამოჩნდა შეიარაღებული ძალების სპიკერის აპარატის განცხადება, სადაც წერია, რომ მათ არა გააჩნიათ ინფორმაცია შუამავლებთან რაიმე კოორდინაციის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ზავის თაობაზე. და რომ გაოცებულებულები არიან „მტრის მხრიდან ზავზე საუბრით“.

სუდანი დე ფაქტო სამხედრო დიქტატურაა, თუმცა ფორმალურად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში გარდამავალი სუვერენული საბჭო და გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურჰანი უდგანან.

„სწრაფი რეაგირების ძალები“ კი გასამხედროებული ფორმირებაა, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს.

2019 წელს მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის ავტორიტარული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს ორგანიზაციამ, რომელიც 100 ათასი ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოაწყო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG