Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: უდავოა, სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" დაფუძნების 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წინა ხელისუფლებას "სისხლიან", "ანტიეროვნულ რეჟიმს" უწოდებს და ამბობს, რომ მათ პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

"ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება...

სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა", - წერს ღარიბაშვილი.

იგი განვლილ წლებს აჯამებს და ამბობს, რომ მათი მოტივაცია უცვლელია - "კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით - წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ - ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ".

ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებაში კვლავ იმეორებს იმასაც, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში "ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდია".

საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია“ დასავლეთში ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კონსპირაციული თეორიების მიუხედავად, საზოგადოებისთვის ცნობილია ევროკავშირის მშვიდობიანი მისწრაფებები.

"ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა. მანამდე, იმავე წლის თებერვალში, მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა. კოალიციის შემადგენლობაში ექვსი პარტია შედიოდა, ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი, “კონსერვატიული პარტია” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მათ მაშინდელი სახელისუფლებო პარტია – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ხმების 54.97%-ით დაამარცხეს.

XS
SM
MD
LG