Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიქანაძე ხსნის, რატომ არ მონაწილეობდნენ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში


გივი მიქანაძე, პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი
გივი მიქანაძე, პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი

პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ მედიასთან საუბარში „სპეკულაცია“ და „რადიკალური ოპოზიციის მიერ აწეული“ თემა უწოდა საკითხს, თითქოს საქართველოს შეგნებულად არ მიუღია მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრაში. საუბარია რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდთან გათანაბრებულად გამოაცხადა. საქართველოს დელეგაცია, რომელიც წინა დღეებში ევროსაბჭოში იმყოფებოდა, რეზოლუციის კენჭისყრას არ დასწრებია.

„ეს არის სპეკულაცია, რომელიც აწეულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ხელს უწყობთ ამას“, - მიმართა მედიას გივი მიქანაძემ თემის კომენტირებისას. მისი თქმით, „ეს საკითხი დღის წესრიგში ბოლო მომენტში შედის. ჩვენ როდესაც აქედან მივდიოდით. რამდენიმე კვირით ადრე იყო ბილეთები ნაყიდი. იმიტომ, რომ ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული - ამაზე გამონაკლისი არ არსებობს და შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ. იმაზე საუბარი, რომ თითქოს საქართველოს დელეგაცია რაღაცას არ უერთდება, არის სრული სპეკულაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ოპოზიციის შეფასებით, ეს საქართველოს მხრიდან პუტინისადმი გაგზავნილი მესიჯია, რომ მის წინააღმდეგ საქართველო არ მოქმედებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ, რეზოლუცია 27 აპრილს მიიღო სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე. რეზოლუციის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდთანაა გათანაბრებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ​საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG