Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წევრებმა, მათ შორის საქართველომ, დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია


მარია ლვოვა-ბელოვა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე. 2023 წლის თებერვალი
მარია ლვოვა-ბელოვა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე. 2023 წლის თებერვალი

გაეროს წევრმა 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაგმო რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის პრივილეგიის ბოროტად გამოყენება ათასობით უკრაინელი ბავშვის უკანონო დეპორტაციის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

რუსეთმა, რომელიც როტაციის წესით აპრილიდან გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, 5 აპრილს ჩაატარა არაფორმალური სხდომა, თემაზე „უკრაინის კრიზისი. კონფლიქტის ზონიდან ბავშვების ევაკუაცია“, რომელშიც ონლაინ მონაწილეობდა პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვა.

ჰააგის სასამართლოს ლვოვა-ბელოვას და პუტინის დაკავების ორდერები აქვს გაცემული უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო.

გაეროში 5 აპრილს გავრცელებული ერთობლივი განცხადების ხელმომწერი ქვეყნები და ევროკავშირი უპირობოდ გმობენ უკრაინიდან ბავშვების იძულებით, უკანონო დეპორტაციას და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, საკუთარი ქმედებები წარმოაჩინოს საერთაშორისო სამართლის და ბავშვთა უფლებების დაცვად, ფაქტები აშკარაა - რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა, დაკითხა და უკრაინიდან იძულებით წაიყვანა 19 500-ზე მეტი ბავშვი. მათი ნაწილი მშობლებს დააშორეს, ნაწილი კი, უკრაინის ბავშვთა სახლებიდან გაიტაცეს და რუსეთში გააშვილეს.

გაეროს წევრი ქვეყნები უკრაინის მოვლენების გამომძიებელი, დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის შეფასებაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინიდან ბავშვების დეპორტაცია არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ომის დანაშაულს უტოლდება. განცხადების ხელმომწერი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ, რომ სწორედ ამის გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და მისი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენი დეზინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს რუსეთმა, შეუძლებელია სიმართლის უარყოფა და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის აცილება.

რუსეთს გაეროს ოფიციალური ვიდეოარხით მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლირება დაუბლოკა უშიშროების საბჭოს წევრმა დიდმა ბრიტანეთმა. ამის შემდეგ, რუსეთმა ორგანიზება გაუკეთა Youtube-ზე ალტერნატიულ ტრანსლაციას.

როგორც სააგენტო AFP წერს, ეკრანზე ლვოვა-ბელოვას გამოჩენისთანავე სხდომათა დარბაზი დატოვეს დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, მალტის და ალბანეთის წარმომადგენლებმა. უშიშროების საბჭოს კიდევ 11 წევრის, მათ შორის, საფრანგეთის, შვეიცარიის და იაპონიის დიპლომატები დარბაზში დარჩნენ. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს არაფორმალური სხდომა იმისთვის მოიწვიეს, რომ სიტუაციის შესახებ სიმართლე პირველწყაროსგან მოესმინათ. რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინიდან ბავშვები მათი დაცვის მიზნით წაიყვანა.

Reuters-ის ცნობით, ლვოვა-ბელოვას გამოსვლის შემდეგ დარბაზში დაბრუნებულმა ბრიტანელმა დიპლომატმა ასიმ გაზი-ბუიონმა განაცხადა, რომ რუსეთის მტკიცებით, ის უკრაინელ ბავშვებს იცავს, სინამდვილეში კი - ატარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის განადგურების მიზანმიმართულ პოლიტიკას.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG