Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანის ორ სოფელში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ


გურჯაანი, ვეჯინის საარჩევნო უბანი
გურჯაანი, ვეჯინის საარჩევნო უბანი

კახეთის რეგიონში საკრებულოს შუალედური არჩევნები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ვეჯინსა და ძირკოკში ტარდება. გურჯაანის მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, ორივე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული.

გურჯაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს - მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზურაბ მუხულიშვილი. ის ვეჯინისა და ძირკოკის დეპუტატი წინა მოწვევის საკრებულოშიც იყო.

ერთადერთი კანდიდატი ზურაბ მუხულიშვილი
ერთადერთი კანდიდატი ზურაბ მუხულიშვილი

გურჯაანის ორ უბანზე შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ამ სოფლებიდან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია "ქართული ოცნების" არჩეულმა დეპუტატმა არჩილ ხანდამაშვილმა მანდატი დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა. ხანდამაშვილი 2018-2021 წლებში გურჯაანის მერის თანამდებობასაც იკავებდა.

რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე მთავარი სიახლეა ის, რომ ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. სოფელ ვეჯინში 22-ე საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის ნაწილი ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგიით ხმის მიცემის პროცესში დახმარება დასჭირდათ.

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

XS
SM
MD
LG