Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან


შვედეთისა და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან იმის გამო, რომ რუსეთის გემები შენიშნეს არეალებში, სადაც გადის წყალქვეშა კაბელები და ქარის ელექტროსადგურები მდებარეობს.

ჰელსინკიში და სტოკჰოლმში ეშინიათ რუსეთის შესაძლო დარტყმისა ენერგეტიკულ ქსელებზე. ამის შესახებ ფინური გამოცემა Iltalehti იუწყება.

წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ დივერსიის შესაძლებლობა სერიოზულად განიხილება, განაცხადა შვედეთის საზღვაო ძალების სარდალმა ევა სკუგ ჰასლუმმა. მან არც დაადასტურა და არც უარყო ბრალდება, რომ რუსული გემები შვედეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წყაროებმა Iltalehti-ს აცნობეს, რომ ფინეთის საზღვაო ფლოტი ასევე გაზრდილ მზადყოფნაშია. ორივე ქვეყნის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ჰიპოთეზური შეჭრის შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ - შვედეთი ფინეთს ალანდის კუნძულების, ფინეთი კი შვედეთს კუნძულ გოტლანდის დაცვაში.

რუსულ მხარეს ამ პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოკუმენტური ფილმი "ჩრდილების ომი", რომელიც გადაიღეს დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა, ირწმუნებოდა, რომ გემი, რომელიც რუსეთის ბალტიის ფლოტს მიეწერება, საზღვაო კაბელებსა და გაზსადენებს აღნუსხავდა სკანდინავიის ქვეყნების და ფინეთის წყლებში. ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.

ჟურნალისტთა ჯგუფს წვდომა ჰქონდა რუსეთის ოკეანოგრაფიული ხომალდის, „ადმირალ ვლადიმერსკის“, რადიოკავშირის ჩანაწერებზე და მისგან გაგზავნილი შეტყობინებების საფუძველზე შეადგინეს მისი მოძრაობის რუკა. გემმა, სავარაუდოდ, ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში ქარის ელექტროსადგურების, გაზსადენების, ელექტროენერგიის და ინტერნეტის კაბელების რუკა შეადგინა. ნატოს სადაზვერვო სამსახურების ექსპერტებმა ფილმის ავტორებს განუცხადეს, რომ რუსეთის გემები ქმნიან ასეთ რუკებს ბლოკსა და რუსეთს შორის ომის შემთხვევისთვის. რუკები მუდმივად უნდა განახლდეს.

როგორც ფილმიდან ჩანს, მათი ფლობის შემთხვევაში რუსეთის ფლოტს შესაძლებლობა ეძლევა დაარტყას ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ფინეთი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ნატოს 31-ე წევრი, შვედეთის განაცხადი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე კი ჯერ არ დაუმტკიცებია ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს. შვედეთმა მიიღო უსაფრთხოების გარანტიები ნატოს მოკავშირეებისგან.

XS
SM
MD
LG