Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პუტინის საკადრო გადაწყვეტილებებმა შეასუსტა რუსეთის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან (მარჯვნივ) და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ვალერი გერასიმოვთან ერთად. ახტიუბინსკი, 14 მაისი, 2019.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან (მარჯვნივ) და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ვალერი გერასიმოვთან ერთად. ახტიუბინსკი, 14 მაისი, 2019.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა რუსული ჯარების მკაფიოდ სტრუქტურირებული სარდლობის გარეშე დაეწყო, ასევე ომის დროს რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელობაში მრავალრიცხოვანმა ცვლილებებმა, გამოიწვია უკრაინაში რუსეთის ჯარების საიერიშო შესაძლებლობების შემცირება, სარდლობის სტრუქტურის დეზორგანიზაცია და არმიის ხელმძღვანელობაში ერთიანობის არქონა. ასეთ განცხადებებს შეიცავს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც აანალიზებს უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოვლენებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთის სამხედრო სარდლობაში განხეთქილება და მასში სხვადასხვა ჯგუფის ჩამოყალიბება ახალი მოვლენა არ არის, თუმცა ბოლო დროს ამ პროცესმა უჩვეულოდ მაღალ ინტენსივობას მიაღწია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეჭრის დასაწყისში პუტინმა არ დანიშნა რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ერთიანი მეთაური, რამაც ხელი შეუწყო სარდლობის არაეფექტიანობას ომის პირველ პერიოდში. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ალბათ, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებდა კიევის სწრაფად აღებას და ომში გამარჯვებას და სურდა მისი წარმოჩენა საკუთარ გეოპოლიტიკურ წარმატებად. პუტინის ქმედებებს ადარებენ იოსებ სტალინის ქცევას მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ, კერძოდ, მარშალ გეორგი ჟუკოვთან მიმართებაში, რომელთანაც სტალინს არ სურდა გამარჯვებულის დიდების გაზიარება.

გასული წლის აპრილში, კიევის წინააღმდეგ შეტევის წარუმატებლობის შემდეგ, პუტინმა ბოლოს და ბოლოს გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა უკრაინაში დაჯგუფების მეთაურად. არსებობს ცნობები, რომ მას დაევალა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დაწესება 9 მაისამდე. მას შემდეგ, რაც ეს ამოცანა არ შესრულდა, მაისის ბოლოს დვორნიკოვის ნაცვლად გენერალი გენადი ჟიდკო დაინიშნა.

როგორც ამბობენ, ეს გენერლები გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ახლო თანამოაზრეები იყვნენ. მაგრამ გასული წლის აგვისტო-სექტემბერში უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ რუსეთის სარდლობაში ახალი ცვლილებები გამოიწვია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პუტინმა მაშინ მიმართა ადამიანებს, რომლებიც გერასიმოვის ორბიტიდან არ იყვნენ. ამავე პერიოდს განეკუთვნება ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აღზევება. საბოლოოდ პუტინმა, ულტრანაციონალისტურად განწყობილთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მეთაურად დანიშნა გენერალი სერგეი სუროვიკინი.

ამის შემდეგ, წყაროების თანახმად, გერასიმოვი 18 დეკემბერს დონის როსტოვში პუტინთან შეხვედრაზე შეეცადა, დაერწმუნებინა პრეზიდენტი, დაებრუნებინა „ძველი გვარდია“ - გენერლები, რომლებიც მანამდე გაათავისუფლეს მეთაურობიდან. ამას თან ახლდა „ვაგნერის“ წინააღმდეგ კამპანია თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებად მედიარესურსებში. 11 იანვარს გერასიმოვი დაინიშნა უკრაინაში რუსული დაჯგუფების მეთაურად.

ამასთან, პუტინი მაინც არ ანიჭებდა უპირატესობას არცერთ დაპირისპირებულ „ფრაქციას“. როგორც ამბობენ, 22 თებერვალს მან მოაწყო შეხვედრა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და პრიგოჟინს შორის, რათა მოეგვარებინა მათ შორის არსებული უთანხმოება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინი, როგორც წესი, მიმართავს მეთაურების როტაციას და პირდაპირ არ ათავისუფლებს ან ჩამოაშორებს ხოლმე მათ თანამდებობიდან. იმ მეთაურებმა, რომელთა გადადგომის შესახებაც გავრცელდა ცნობები, მაგალითად, ალექსანდრ ლაპინმა ან მიხაილ ტეპლინსკიმ, რამდენიმე თვის შემდეგ ახალი თანამდებობები მიიღეს. როტაციის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთმა ფიგურამ არ მოიპოვოს ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა. ექსპერტების თქმით, მართვის ეს სტილი ომში შეიძლება არაეფექტიანი იყოს.

რუსეთის სარდლობიდან საბოლოოდ რომელი ჯგუფი გაიმარჯვებს აპარატში მიმდინარე ბრძოლაში, ანალიტიკოსების აზრით, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინის არმიის მოახლოებული კონტრშეტევა. ამასთან, აღნიშნულია, რომ პუტინისთვის ადვილი არ იქნება თანამდებობიდან გერასიმოვის გადაყენება, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსია და პრეზიდენტისადმი სრულიად ლოიალურ ადამიანად გამოავლინა თავი.

XS
SM
MD
LG