Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა


თამარ ბაჩალიაშვილი
თამარ ბაჩალიაშვილი

თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა მისმა ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ. მან ილაპარაკა სერგო შუბითიძის გადაწყვეტილების მიზეზზე.

"ამ ეტაპზე სერგო შუბითიძეს არანაირი ჩვენება არ მიუცია, მას სასამართლოში გამოჰკითხავენ. ჩვენი მოთხოვნა და მისი სურვილი იყო, რომ მან ჩვენება მისცეს უშუალოდ სასამართლოს, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე და იქ მოხდეს მისი გამოკითხვა. ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგცემს... მას სურს, რომ პირველი ჩვენება იყოს სასამართლოში", - თქვა ადვოკატმა.

დღესვე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. ისინი მოითხოვენ გამოძიება დაიწყოს მკვლელობის მუხლით.

ტელეკომპანია "ფორმულისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, რომელიც ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მისთვის დამაჯერებელი არ იყო.

"მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით", - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.

ყოფილმა გამომძიებელმა "ფორმულისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მისთვის არადამაჯერებელია და ღამით ცუდად სძინავს მას შემდეგ, რაც გვამი ნახა.

„მე ნამდვილად არ მჯერა ეს [რომ თავი მოიკლა]... არ მინდა, რომ მარტო ვატარო ეს ტვირთი. სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით“, - თქვა სერგო შუბითიძემ 29 აპრილს ეთერში გასულ ინტერვიუში.

  • 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში.
  • საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
  • 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.
  • ოჯახი თავიდანვე ამბობდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.
XS
SM
MD
LG