Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს


ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე, აქვეყნებენ. ექსპრეზიდენტი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სიკვდილს გადაურჩა.

„როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.

გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.

დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.

მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კლინიკაში უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის ოთახში რკინის მაგიდის არსებობას. როგორც „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ გვითხრა, არსებობს კამერის შესაბამისი ჩანაწერები. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა გონების დაკარგვის ეპიზოდს, ჩხაიძემ გვიპასუხა, რომ მივმართოთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში კი მასალა განახლდება.

2022 წლის 12 მაისიდან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის გამო ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაა პატიმრობაში. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

XS
SM
MD
LG