Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახ. დეპარტამენტი: დასავლური ქვეყნები რუსულ თვითმფრინავებს მათთან შესვლას უკრძალავენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ვაშინგტონი
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ვაშინგტონი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთს, რომელსაც სასტიკ რეჟიმად მოიხსენიებს, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა. ასე გამოეხმაურა "ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასა და ფრენების აღდგენაზე.

"ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამავე კომენტარში აღნიშნულია, რომ საქართველოში რუსული თვითმფრინავებით ფრენების აღდგენა აჩენს რისკებს:

"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება".

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG