Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Financial Times-ი: რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს „დაიკარგა“ევროკავშირიდან გაგზავნილი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყირგიზეთში და ყაზახეთში გაგზავნილი, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი „დაიკარგა“ რუსეთის ტერიტორიაზე.

ამის შესახებ იტყობინება Financial Times-ი, რომელიც ამ ვითარებას „შავ ვაჭრობას“ უწოდებს. ღია მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში შევიდა ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სატრანზიტო საქონელი. ამასთან, აღნიშნავს გამოცემა, ამ „შავი ვაჭრობის“ რეალური მოცულობა ბევრად უფრო დიდია. ევროპაში წარმოებული საქონლის, მათ შორის ორმაგი დანიშნულების, სანქციების ქვეშ მყოფი პროდუქტების მიმღებად გაფორმებული იყო სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. საქმე ეხება პროდუქტს, რომლის გამოყენება შეიძლება სამხედრო მიზნებითაც.

რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებდა ევროკავშირის საბაჟო დეკლარაციებში დანიშნულების ყალბი პუნქტის მითითებით. ის საქონელი, რომლის შეტანა რუსეთში აკრძალული იყო, მაგალითად, თვითმფრინავების კომპონენტები, ოპტიკური აგრეგატები, გაზის ტურბინები, ამ გზით ევროკავშირიდან პირდაპირ რუსეთში ხვდებოდა, ვითომ ტრანზიტის მიზნით.

„სად შეიძლებოდა ეს საქონელი წასულიყო? რატომ დასჭირდათ მათ უცბად, სწორედ ამ პერიოდში ეს პროდუქტები? ვის სჭირდება რეგიონში ეს საქონელი ყველაზე მეტად? ცხადია, რომ რუსეთს“, - ამტკიცებს ერკო კოდარი, ესტონეთის მინისტრი სანქციების სფეროში.

სტატიაში წაიკითხავთ, რომ ამ ექსპორტის დიდი ნაწილი მოდის ბალტიის ქვეყნებზე. ამავე დროს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არ უჭერენ მხარს სანქციებს, შენიშნულია გარკვეული კატეგორიის პროდუქტების იმპორტის ზრდა. სავარაუდოდ, შემდეგ ისინი რუსეთში შეჰქონდათ.

ევროკავშირმა არაერთხელ გამოაცხადა, რომ იბრძოლებს რუსეთში სანქცირებული საქონლის სხვა გზებით შეტანის წინააღმდეგ. მაისში ბრიუსელმა აკრძალა რუსეთის გავლით ორმაგი დანიშნულების საქონლის შეტანა. სანქციების ახალ, მე-11 პაკეტში, რომელსაც ახლა განიხილავენ ევროკავშირის ქვენები, სხვა საკითხებს შორის შეთავაზებულია იმ აკრძალული საქონლის სიის გაფართოება, რომელიც მესამე ქვეყნების გზით ხვდება რუსეთში. ამასთან, ევროკავშირი გეგმავს ახალი ინსტრუმენტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუშლის მესამე ქვეყნებს, გვერდი აუარონ სანქციებს.

XS
SM
MD
LG