ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა 13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს. დღეს, 11 მაისს, გამართული სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს.
- დარბაზიდან ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა 47 წლის კაცის ადვოკატი. მისი თქმით, არ არსებობდა 13 წლის ბავშვის მამის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება;
- კიდევ ერთი დაკავებულის - მეზობლის, 28 წლის კაცის, ადვოკატის მოთხოვნა იყო, მოსამართლეს ბრალდებულისთვის შეეფარდებინა გირაო 2000 ლარის ოდენობით;
- იმის მიუხედავად, რომ არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებდა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებაზე.
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 9 მაისს დააკავეს არასრულწლოვანის 47 წლის მამა და 28 წლის მეზობელი.
გამოძიების ვერსიით, მამა არასრულწლოვან შვილთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს და აშინებდა, რომ თუ ვინმეს ეტყოდა, მოკლავდა. შსს-ს ცნობითვე, ბავშვი მამის ძალადობას წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიების თანახმად, არასრულწლოვან გოგოს სისტემატურად აუპატიურებდა 28 წლის მეზობელიც.
ორივე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება.