Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს დიასპორის მიმართ კომპლექსურ სტრატეგიას


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებშიც მიესალმებიან რუსეთთან პირდაპირ ავიარეისებსა და რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვის მოხსნას.

სალომე ზურაბიშვილი წუხს, რომ ემიგრანტებისთვის გართულებულია მოქალაქეობის მინიჭება. როგორც ის აღნიშნავს, პროცედურას ხელოვნური ბარიერები ექმნება. „თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა", - წერს პრეზიდენტი.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე კი ზურაბიშვილი კრემლის მანიპულაციაზე მიუთითებს.

„რაც ეხება საქართველოში ჩამოსვლის ვითომცდა სირთულეებს, გაგახსენებთ, რომ რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონიათ! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 გასული ჩვენი ქვეყნიდან, იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია. მაშასადამე, ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია! საინტერესოა რატომ? - აღნიშნავს პრეზიდენტი და ამატებს, - ვინც ამ თემით აპელირებს და სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ასევე ამერიკაში, ან ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეების ბედი, რომლებიც პირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ და მათაც უჭირთ სამშობლოში ჩამოსვლა".

ზურაბიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის იმ გამშვებ პუნქტზეც გააკეთა აქცენტი, რომელიც ჩაკეტილია.

„იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ - ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა (ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება)", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტი დიასპორის მიმართ კომპლექსურ სტრატეგიას მოითხოვს.

„უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!" - ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის პოსტში.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

10 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც - 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მან ბრიფინგი გამართა.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG