რუსეთის დუმაში იციან, რომ ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ავადაა.
დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა რუსულ გამოცემა „პოდიომს“ უთხრა, რომ იცის, რა დაავადება აქვს ლუკაშენკას. ზატულინი დიაგნოზს არ აკონკრეტებს, თუმცა ირწმუნება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.
„ეს არ არის კოვიდი. უბრალოდ, ადამიანი ავად გახდა. მიუხედავად ამისა, თავი მოვალედ ჩათვალა, რომ მოსკოვში ჩამოსულიყო, იმავე საღამოს კი, ღონისძიებები მინსკში გამართა. ალბათ, გარკვეული დასვენება სჭირდება. ეს არის და ეს“, - განაცხადა ზატულინმა.
9 მაისს, ლუკაშენკა მოსკოვის წითელ მოედანზე დაესწრო „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს და მალევე მინსკში დაბრუნდა. მედიამ ყურადღება მიაქცია, რომ ლუკაშენკა ცუდად გამოიყურებოდა და ფეხით გადაადგილება უჭირდა.
14 აპრილს, ბელარუსის ავტორიტარი მმართველი არ მონაწილეობდა სახელმწიფო სიმბოლოების - დროშის, გერბისა და ჰიმნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. ლუკაშენკას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ადმინისტრაცია არაფერს იუწყება.