დღეს, 17 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს, ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფაშინიანის ოჯახის კუთვნილმა გამოცემა „ჰაიკაკან ჟამანაკმა“ გაავრცელა.
„წინასწარი ინფორმაციით, გამტაცებლები საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „შვილთა ძახილის“, წევრები არიან. მათ აშოტ ფაშინიანი აიძულეს, მანქანაში ჩამჯდარიყო. რაღაც მომენტში პრემიერ-მინისტრის შვილმა წამით გაჩერებული მანქანიდან გადმოხტომა შეძლო, რა დროსაც მას იმავე ორგანიზაციის სხვა მანქანა დაეჯახა, რომელიც უკან იყო“, - ნათქვამია მედიის ინფორმაციაში.
იუწყებიან, რომ ფაშინიანის ვაჟმა ფეხი დაიზიანა. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს თავად აშოტ ფაშინიანმა შეატყობინა.
სომხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვთ, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. საქმე საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.
აპრილის დასაწყისში სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ აშოტ ფაშინიანს უცხოეთიდან თავს დაესხნენ. მაშინ პოლიციაში თქვეს, რომ ამის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ. ამის შემდეგ აშოტ ფაშინიანმა გამოცემა „ჰაიკაკან ჟამანაკთან“ ეს ინფორმაცია უარყო.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შვილთა ძახილი“ 2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლების მიერ შეიქმნა. გამოცემა Armenia Today წერს, რომ ორგანიზაციის ლიდერმა ვაიკ საჰაკიანმა აშოტ ფაშინიანის გატაცების მცდელობასთან კავშირი უარყო.