Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრენა მხოლოდ დასაწყისია? რა უნდა რუსეთს და რას ჰპირდებიან საქართველოს სახელით


რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად სენატორი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრორუსულ დელეგაციას 2022 წლის მარტში შეხვდა.
რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად სენატორი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრორუსულ დელეგაციას 2022 წლის მარტში შეხვდა.

ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პუტინის რუსეთი ღიად ლაპარაკობს ოკუპირებულ აფხაზეთთან რკინიგზის აღდგენის გეგმაზე. აფხაზეთში ფიქრობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება ისევ ფაქტის წინაშე დააყენებს.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი, როგორც პუტინის რუსეთის ანგარებითი გეგმის ნაწილი, 18 მაისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც ახსენა.

„სულ მალე მეტი სასიხარულო ამბებით!“ - დაწერა რამდენიმე დღის წინ, ფეისბუკზე „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელმა, საქართველოში რუსეთის ინტერესების ლობირებით გამორჩეულმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. პრორუსული განწყობის ძალების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ის, ბოლო დღეებში, მოსკოვში კიდევ ერთ ფორუმში მონაწილეობდა.

2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

ქართველი "ინიციატორები"

„თქვენი დიდი დამსახურებით, ბატონო დიმა“, „ეს თქვენი და თქვენი მეგობრების დამსახურებაა. გეხაროთ მარად, ერის კაცო, ქვეყნის ჭირისუფლობისათვის“, „ეს ყველაფერი თქვენი გვერდში დგომით მოხდა“, „თქვენი წვლილი დიდია ამ საქმეში. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს დიდ ოჯახს“, - „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ უამრავი მადლობა მიიღო მას შემდეგ, რაც მხარდამჭერებს ფეისბუკით გაუზიარა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ.

18 მაისს, გვიან საღამოს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში ლორთქიფანიძემ თავადაც მადლობას გადაუხადა ყველას, „ვისაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი პირველი ხელშესახები შედეგის მიღწევაში!“. ერთ-ერთი ფოტოს მიხედვით, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სხვებთან ერთად, 14 მაისს, მოსკოვში გამართულ მორიგ ფორუმში მონაწილეობდა.

ლორთქიფანიძე წერს, რომ მთელი ეს ჯგუფი, თბილისისკენ, პირველ განახლებულ რეისს, 19 მაისს, გამოჰყვება.

14 მაისის შეხვედრაში მონაწილეობდა პრორუსი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, ვალერი კვარაცხელიაც, რომლის ვაჟის, დავით კვარაცხელიას კომპანია მოემსახურება რუსულ თვითმფრინავებს საქართველოში, როცა ისინი მოსკოვსა და თბილისს შორის განახლებულ პირდაპირ რეისებს შეასრულებენ.
მოსკოვურ შეხვედრაში მონაწილეთა ფოტოებზე ასევე ჩანს პრორუსი ეკონომისტი, თემურ მაისურაძე, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა.
14 მაისს, რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კაზნეკ ტაისაევმა რუსეთის მედიას უთხრა, რომ 22 ივნისს მოსკოვში გაიმართება ანტიფაშისტური ფორუმი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით. ტაისაევი არ აზუსტებს, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს ამ ფორუმში საქართველოს სახელით.

პრორუსული ჯგუფების ხშირ მოსკოვურ ვოიაჟებს ბევრი ზერელედ უყურებდა საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ლაპარაკი საქმედ იქცა, მიღებული შედეგით კი კმაყოფილი დარჩა „ქართული ოცნებაც“ - პუტინმა ქართველებს ვიზები გაუუქმა და ფრენის უფლებაც მისცა.

ხელისუფლებას თავად არასდროს დაუდასტურებია, მაგრამ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ მოსკოვში მოსიარულე პოლიტაქტივისტთა ჯგუფები, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების ჩათვლით, ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძეც.

„ცხადია, [საქართველოს] ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ეს ჯგუფები ასე ვერ გაიკვლევდნენ გზას... ხელისუფლებიდან თვითონ ვერ ჩადიან, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან და ამ ჯგუფებს აგზავნიან... აწყობდა ეს პროცესი - ხომ ვნახეთ, შედეგით როგორი გახარებული დარჩა ხელისუფლება [როცა ვიზების გაუქმება და პირდაპირი რეისების აღდგენა გამოცხადდა]... ეს ჯგუფი მოსკოვისთვის ფაქტიურად "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა“, - ამბობს კუხიანიძე.

პოლიტიკური მიმომხილველი და ბლოგერი, დიმიტრი მონიავა რადიო თავისუფლებასთან იხსენებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, სადაც ჩანს, რომ „კრემლს სჭირდებოდა გადაწყვეტილების გაფორმება იმგვარად, რომ [თითქოს] ინიციატივა ქართველებისგან მოდიოდა“ და მოსკოვში მოსიარულე ჯგუფებმა სწორედ „ინიციატორების“ როლი ითამაშეს. მონიავა ვარაუდობს, რომ თბილისი საქმის კურსში იყო, მაგრამ გარეგნულად ყველაფერი ისეა, რომ „შეუძლებელი იქნება დავუმტკიცოთ, რომ ეს [მოსკოვში შეხვედრები] იყო მისი [ხელისუფლების] სურვილის გამოხატვა თუ უბრალოდ ზონდირება“.

ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე პუტინი ვიზებს გააუქმებდა და პირდაპირ ფრენებს დაუშვებდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოსკოვიდან წამოსული მესიჯების საპასუხოდ აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სასარგებლო იქნებოდა საქართველოსთვის.
მარტში, როცა „ოცნება“ და მისი განაყოფი - ღიად ანტიდასავლური „ხალხის ძალა“ ე.წ. აგენტების კანონის დამტკიცებას ცდილობდნენ, ისინი აგენტებს უპირატესად მხოლოდ დასავლეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს უწოდებდნენ. რუსეთის ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებზე კი, ძირითადად მედიის შეკითხვების საპასუხოდ - ორი სიტყვით განმარტავდნენ, რომ კონტროლი მათზეც გავრცელდებოდა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სალაპარაკოდ, ლორთქიფანიძე და მისი თანამოაზრეები, მოსკოვში, სხვადასხვა დროს, არაერთ ფორუმში მონაწილეობდნენ; სადაც სწორედ ვიზების გაუქმების, პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხები და რუსულ-ქართული სამომავლო პერსპექტივები განიხილებოდა.

ამ შეხვედრებში რუსეთის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მათ შორის - რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი, რომელიც რუსეთ-საქართველოს არაფორმალური დიალოგის ფორმატში [ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი] რუსეთს წარმოადგენს.

„ფორუმზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმართონ სახელმწიფო მეთაურებს წინადადებებით - რომელთა გადაწყვეტასაც ელოდებიან მოქალაქეები - აღდგეს პირდაპირი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის და ასევე, გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რუსეთში შესვლისთვის“, - ეწერა 2022 წლის დეკემბერში რუსეთის დუმის განცხადებაში, მოსკოვში დიმიტრი ლორთქიფანიძისა და სხვათა მონაწილეობით გამართული ერთ-ერთი ფორუმის -„რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“ - შესახებ.

კიდევ რა არის მოსალოდნელი?

რამდენიმე დღის წინ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფეისბუკზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის მომხრეებს, კონკრეტიკის გარეშე, სასიხარულო სიახლეებს „სულ მალე“ ჰპირდება. ამ პოსტის კომენტარებში მას მიუთითებენ, რომ „ყველაზე სასიხარულო ინფორმაცია იქნება: მოლაპარაკებების დაწყება აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით“.

ლაპარაკია ნაწილობრივ კვლავ დანგრეულ სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელზეც აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წლიდან, მატარებელს აღარ გაუვლია.

მოსკოვში გამგზავრებამდე, 10 მაისს, პრორუსული მოძრაობის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გადაცემაში „სოლიდარობის სტუდია“, ლორთქიფანიძემ თქვა, რომ ვიზებისა და პირდაპირი მიმოსვლის თემატიკა პირველი ნაბიჯია, რასაც უნდა მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები.

შემდეგი ნაბიჯების ჩამონათვალი დიმიტრი ლორთქიფანიძისგან ამგვარია:

  • უნდა მოხდეს ბლოკირებული დერეფნების აღდგენა, რომლის ფარგლებშიც იგულისხმება სწორედ - აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაც;
  • საქართველომ „უნდა მიიღოს მონაწილეობა“ „პოლიტიკური და ეკონომიკური რეინტეგრაციის პროცესებში“ და „უარს ვერ ვიტყვით“ „3+3 ფორმატზე“ რომელიც თბილისს „ახალ მინსკად“ აქცევს (ამ ფორმატისკენ საქართველოს აქტიურად ექაჩება რუსეთი. "3+3"-ში იგულისხმება 6 ქვეყანა - რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. საქართველოს ხელისუფლებას წარსულში უარი აქვს ნათქვამი ამ ფორმატში გაწევრიანებაზე);
  • „ირანისა და რუსეთის ურთიერთობების გაძლიერება ჩვენზე გამოვლით“, რაც „ჩვენი ეკონომიკისთვის ხეირია“.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, როგორც რუსეთისთვის "სასიცოცხლოდ აუცილებელი" მიმართულება, 12 მაისს, ინტერვიუში ახსენა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა.

„უნდა მოხდეს სარკინიგზო ტრანზიტის ორგანიზება აბრეშუმის გზის მარშრუტზე: ჩინეთი, ირანის პორტი ბანდარაბასი, ირანი, ასტარა - აზერბაიჯანი, გაბალა - აზერბაიჯანი, მარნეული - საქართველო, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში. სხვათა შორის, ეს საკითხი საშუალებას მოგვცემს, დაიდოს გაზისა და ნავთობის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტები, სტაბილურ და პროგნოზირებად ფასად“, - ამბობს კატირინი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სარკინიგზო ტრანზიტი „განტვირთავს ზემო ლარსის სასაზღვრო გადასასვლელს, შეამცირებს ტვირთების ღირებულებასა და გაზრდის მათ მოცულობას“ და, რომ „ასეთი სქემის ორგანიზება სასიცოცხლოდ აუცილებელია“ „თურქეთის გავლით რუსული საქონლის გატანის კუთხით შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით“.

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები უკვე განიხილება 2023 წლის (თებერვალში) შექმნილი სპეციალური რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ფორმატში.
„ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად“ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა მოსკოვში 2023 წლის 6 თებერვალს გაიმართა.

რუსეთი ირანის დახმარებასაც ცდილობს.

17 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანში რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის რუსეთი მილიარდ სამასი მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს.

რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მარშრუტისა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, სპარსეთის ყურეში ირანის პორტებზე წვდომა მიიღოს ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთთან ვაჭრობისთვის; რაც პირდაპირ უკავშირდება კატირინის მიერ გახმაურებულ გეგმებს.

რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება?

„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის რკინიგზის პერსპექტივის შესახებ დასმულ შეკითხვას, 14 მაისს; ხოლო 16 მაისს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში მან თქვა, რომ ფრენების განახლებასა და ვიზების გაუქმებას, სავარაუდოდ, სხვა საკითხებიც მოჰყვება, მაგრამ „სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის ძალიან რთული და ხშირად შეუძლებელიც“, ხოლო თავად ხელისუფლება „ეროვნული პრიორიტეტების“ ფარგლებში იმოქმედებს.

აფხაზურმა ტელეგრამარხმა „АБХАЗИЯ-ЦЕНТР“-მა 18 მაისს დაწერა, რომ მალე აფხაზეთში რკინიგზის სატრანზიტო მონაკვეთი გაიხსნება, რაც იქნება „დიდი გეოპოლიტიკური პროექტი ახლო აღმოსავლეთში გასასვლელად“ და საქონელბრუნვის მასშტაბები მილიონიან ნიშნულზე ავა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის უარყოფას კი „АБХАЗИЯ-ЦЕНТР“-ი იმით ხსნის, რომ „მათ [ქართველი პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს] უყვართ თავიანთი მოქალაქეების უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე დაყენება - რათა ბევრი არ იხმაურონ“.

რა არის მთავარი საფრთხეები?

„ეს იქნება სერიოზული დარტყმა საქართველოს ინტერესებზე და ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე. მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების გარეშე რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენა „აფხაზეთის სამუდამო დაკარგვას ნიშნავს“, რადგან ამ სქემით „ჩვენ დავეთანხმებით, რომ საბაჟო კონტროლმა გაიაროს ენგურზე და არა ფსოუზე“.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი მუდამ ხმაურიანი თემა იყო საქართველოში. როცა რუსეთი საქართველოს "3+3" ფორმატის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნების გახსნისკენ მოუწოდებდა, ექსპერტებისთვის ყოველ ჯერზე ცხადი იყო, რომ ეს შეთავაზება სწორედ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასაც მოიცავდა. ისინი რადიო თავისუფლებასთან აღნიშნავდნენ, რომ სატრანსპორტო დერეფნების გახსნა ნიშნავს „რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებასა“ და მათ შორის - „სამხედრო დიპლომატიის“ გავრცელებასაც.

2021 წლის თებერვალში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ლიდერებმა ღიად დაიწყეს ლაპარაკი რკინიგზის აღდგენის სურვილზე იმ შიშით, რომ არ დარჩენილიყვნენ თამაშგარე მდგომარეობაში და დროულად შეერთებოდნენ რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გეგმებს.
„თუ ჩვენ ვაპირებთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას, უნდა ვიყოთ ჩართული ყველა პროცესში, ყველა პროექტში, მით უფრო ასეთი დონის, როგორც მინიმუმ - რეგიონულში“, - აღნიშნავდა 2021 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ასტამურ ლოგუა.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა, როგორც პუტინის დამაზიანებელი ჩანაფიქრი, 18 მაისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც ახსენა. მისი განმარტებით, პუტინის გადაწყვეტილებები ანგარებას ეფუძნება და საქართველოსთვის აქტუალურია შეკითხვა - რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთის მიერ გახსნილი გზების სანაცვლოდ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG