Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ რომ EU-ის პოლიტიკას დავემორჩილოთ, უნდა ვიყოთ წევრი, ამას წლები დასჭირდება - ღარიბაშვილი


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე არ შეექმნება. მისივე თქმით, საქართველო "ჯერჯერობით" ევროკავშირის წევრი არაა, ამიტომ არ აქვს ვალდებულება, დაემორჩილოს მის პოლიტიკას.

"საფრთხე არ შეექმნება არაფერს. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. პირადად მე მქონდა საუბარი და ავუხსენი არგუმენტაცია, მოტივაციაც. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჯერჯერობით, და ამას დასჭირდება წლები", - უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

რუსეთთან ფრენების აღდგენას აქამდე ორჯერ გამოეხმაურა ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო. ბოლოს მან "შემაშფოთებელი" უწოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ფრენების ნებართვა გასცეს რუსული თვითმფრინავებისთვის. 16 მაისის ბრიფინგზე მან ისიც დაამატა, რომ მცირდება საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან:

"სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების შარშანაც დაბალი მაჩვენებელი 44%-დან წელს, ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე შემცირდა".

გასულ კვირას, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ხსნის საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვას, პიტერ სტანომ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში". მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე.

16 მაისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ვედანტ პატელს ჰკითხეს, უქმნის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება საფრთხეს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. პატელის განცხადებით, პირდაპირი ავიარეისები მზარდი შეშფოთების საგანია არა მხოლოდ შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან სანქციების ქვეშ მყოფ თვითმფრინავებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო რუსეთისგან დისტანცირებულია, მასთან ურთიერთობების გაფართოების დრო არ არის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG