უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ-რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას G7-ის("დიდი შვიდეული") ლიდერთა სამიტში. ეს ინფორმაცია კიევის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე.
რამდენიმე საათით ადრე, დასავლეთის და იაპონიის მედიასაშუალებებმა, მათ შორის სააგენტოებმა Reuters-მა, Bloomberg-მა და Kyodo-მ, ტელეკომპანია CNN-მა და გამოცემა Washington Post-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იაპონიაში გაემგზავრება და პირადად დაესწრება „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტს.
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების: აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის ლიდერთა სამიტს დღეიდან, 19 მაისიდან, მასპინძლობს იაპონიის ქალაქი ჰიროსიმა. სამიტში მონაწილეობენ ევროკავშირის ხელმძღვანელებიც.
სამიტის უმთავრესი თემა უკრაინაა. G7-ის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სანქციები ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც შეეხება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთს სანქცირებულ პროდუქციას აწვდიან მოქმედი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლით.