Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ოთხოზორიას დედა: მგონია, ცოტა უხერხულია დღეს რომ ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს


აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის საფლავზე. ზუგდიდი, 2023 წლის 19 მაისი
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის საფლავზე. ზუგდიდი, 2023 წლის 19 მაისი

7 წელი გავიდა აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გასამართლებული აფხაზი ე.წ. მესაზღვრის, რაშიდ კანჯი-ოღლისთვის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია.

გიგა ოთხოზორია ზუგდიდშია დაკრძალული. მისი დედა ჯულიეტა ჭანტურია მინიმუმ უხერხულს უწოდებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების განახლების შემდეგ, მოსკოვიდან პირველი რეისი სწორედ დღეს ჩამოდის.

„როგორ ბედავთ, რომ ქართველის პირადობის მოწმობას ფეხს აბიჯებთო, აი, ამას ემსხვერპლა ჩემი შვილი. ასე რომ, მართლა დღეს, პირველად რომ ჩამოვაფრენთ ამ რუსეთის თვითმფრინავს… რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა. ვინც დადებითად ჩათვლის, რომ ეს მოვლენა კარგია, ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს შვილის საფლავზე მყოფმა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას ოჯახი ისევ მოითხოვს მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დასჯას. თუმცა, როგორც ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, დამნაშავის დასჯის იმედი ყოველ წელს იკლებს:

“ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცხოვრობ. უბრალოდ, დღეს კიდევ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი რომ წამოვწიო წინ, მერიდება. ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ… და რატომღაც მგონია, რომ კიდევ მეტად გაჭირდება სამართლის პოვნა და მიღწევა. მე დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, იბრძოლა თავისი სამშობლოსთვის, გმირები გახდნენ და ამ დროს ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარზეიმით დავხვდეთ”.

გიგა ოთხოზორიასთვის პატივის მისაგებად ზუგდიდში, მის საფლავზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი. „ჩვენ ურყევად განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ყველა სამართლებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე ყველა პირმა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი,” - განაცხადა ახვლედიანმა.

გიგა ოთხოზორია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოკლეს. ოთხოზორიას მცდელობა, ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, აფხაზ "მესაზღვრეებთან" შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, რაშიდ კანჯი-ოღლის. მას, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, სასამართლომ 2017 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ, უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდადებული უშედეგოდ იძებნება ინტერპოლითაც.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

XS
SM
MD
LG