პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პარლამენტში მინისტრის მოწვევის საფუძველი გახდა 7-8 მარტის აქციებზე პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობა.
დარბაზში ვითარება განსაკუთრებით, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრიბუნასთან მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე. მის სიტყვით გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" წარმომადგენლების შეძახილები მოჰყვა. ვაშაძემ, როდესაც სიტყვა დაასრულა, მისი მისამართით კვლავ გაისმა შეძახილები და გინება მოჰყვა, რის შემდეგაც „ხალხის ძალის" წევრი დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
რაც შეეხება ვაშაძის სიტყვით გამოსვლას, მან გააპროტესტა რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა.
„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ წაგვიყვანს ვერასდროს. რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ჩვენ ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს. ევროკავშირში შეგვიყვანს ერთიანობა, რომელიც ქართველ ხალხში იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, პროტესტს მიიღებთ არაერთს და ორს. ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი [ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია] არ იქნება შესრულებული მთლიანად, მთელი პარლამენტის მიერ; სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის და NATO-ს წევრი, ოღონდ თქვენ არაფერი საერთო ამასთან არ გექნებათ, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, თქვენ ამ გზაზე უარი თქვით, - განაცხადა ვაშაძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, - შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ აქ ხართ, მარტივი ტესტი ჩავატაროთ - დავდოთ ფურცელი და ყველა, ვინც ჩამოფრინდება საქართველოში, ვუთხრათ, აღიარეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვინც არ აღიარებს, არ შემოვუშვათ საქართველოში. მარტივი ტესტია. გეყოფათ ამის გამბედაობა? შეძლებთ რომ ეს გააკეთოთ? წინააღმდეგი ხართ, რომ ეს გაკეთდეს?"
რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. მალევე რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" და ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" მიიღეს პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა.
საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს, 19 მაისს, შესრულდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია "აზიმუტის" გარდა, პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, Red Wings-ს. ეს უკანასკნელი ფრენებს ივნისიდან დაიწყებს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით.