Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი უცვლელია


საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში
საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ისევ განაცხადეს, რომ დასავლეთი რუსული რეჟიმისგან დისტანცირებულია და დღეს რუსეთთან კავშირების გაძლიერების დრო არ არის. ამჯერად, ეს თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა. მას 22 მაისს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მაშინ, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში აღმოჩნდა და ავიამიმოსვლაც განახლებულია, სად იყო ამ დღეებში აშშ, რადგან არანაირი რეაქცია და სანქციები არ არის.

მილერმა გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადრეც გამოთქმული პოზიცია, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ რუსულ თვითმფრინავებს უკრძალავს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას და აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში. მილერმა არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა აშშ-ს რეაქციის რაიმე გეგმა.

გასულ კვირაში, საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლებას და გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კახეთში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილი, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაშია.

  • 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • 15 მაისს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისების კვირაში შვიდჯერ შესრულების ნებართვა მისცა რუსულ ავიაკომპანია "აზიმუტს". მან პირველი რეისი 19 მაისს შეასრულა.
  • 20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა".

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას მწვავედ აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს აეროპორტების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ოპონენტები მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებაში.

XS
SM
MD
LG