Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ – ჯადოსნური ფიქრის სასწაული


ავტორი: ოლანი ბიწაძე

არტურ შოპენჰაუერი „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმებში“ ცხოვრებისეულ ფასეულობებზე მსჯელობისას აღნიშნავს: „ყოველგვარი ბედნიერება ნეგატიური ცნებაა, ტანჯვა კი – პოზიტიური“. გერმანელი ფილოსოფოსის განმარტებით, მაშინაც კი, როცა „ადამიანის მთელი სხეული მრთელი და უვნებელია, გარდა ერთი, მსუბუქად დაჭრილი, ან საერთოდ მტკივნეული ადგილისა, ჯანმრთელობის შეგრძნება მთლიანად ქრება ჩვენს ცნობიერებაში, ყურადღება ერთთავად დაზიანებული და მტკივნეული ადგილისკენაა მიმართული და, ამრიგად, საერთოდ ვკარგავთ ცხოვრების ჩვენეული შეგრძნებიდან გამომდინარე ტკბობის განცდას“. ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი აღწერაა იმ ადამიანის მდგომარეობისა, რომელსაც თავს საშინელი უბედურება ატყდება და რომლის კონკრეტული დანაკარგიც განაპირობებს უკვე მონაპოვარი ცხოვრების მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას.

ჯოან დიდიონის „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ სწორედ კონკრეტული დანაკარგით ტრავმირებული ავტორის მემუარული ნაწარმოებია, რომელიც, ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე, დეტალიზებული თხრობით, ფაქტობრივი ინფორმაციის სიუხვითა და გაბმული ნარატივით ხასიათდება. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არათუ ჟანრის, მწერლის ინდივიდუალური სტილია, ორიენტირებული კონკრეტულ მიზანზე – თვითგამორკვევის გზით პირად ტრაგედიასთან გამკლავებასა და ყოველდღიურობის ექოდ ქცეულ კითხვებზე პასუხების მოძებნაზე.

წიგნი იმ სიტყვებით იწყება, რომლებიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ ჯოანმა პირველად დაწერა („ცხოვრება იცვლება სწრაფად. / ცხოვრება იცვლება წამში. / მაგიდას მიუჯდები და აღარაფერია ადრინდელივით. / თვითსიბრალულის გაურკვევლობა.“). ასე გვითრევს ავტორი იმ ერთწლიან მოგზაურობაში, რომელიც ასლის ორიგინალთან შედარების პროცესს ჰგავს. ამის ასოციაციას მთხრობლის ნარატივი აჩენს – ქმრის გარდაცვალების დღიდან მოყოლებული ყოველდღე ქალი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორი იყო მათი ცხოვრება ზუსტად ერთი წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ მასზე უკეთ არავინ იცის, აწმყო არათუ წარსულის იდენტური, მისი ცუდი ასლიც კი არაა, ქალი ასე ფიქრს არ წყვეტს მანამ, სანამ ის დღე არ დადგება, რომლის წარსულ წინამორბედშიც მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო. ამ დღის დადგომამდე კი მთელი ერთი წელია.

წიგნს მრავალფეროვანი დრო-სივრცული სამყარო აქვს, რომლის აღქმის სიცხადესაც ავტორის დეტალიზებული თხრობა უწყობს ხელს. თუმცა, ჩემთვის გაცილებით საინტერესო ის შინაგანი დროა, რომელიც გმირის ცნობიერებაში მიედინება; დრო, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ხაზებით დადგენილი მიჯნებითაა ცირკულირებული და რომელიც ამ მიჯნებთან მიახლოებისთანავე იწყებს უკუთვლას. ყოველ ჯერზე, როცა ჯოანის შინაგანი დრო წრიპინებს და ქალს ატყობინებს, რომ მისი ქმარი მკვდარია, ქალი შინაგან დროს ახვევს და ბრუნდება იქ, სადაც ჯონი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამით აიხსნება გამეორებების უწყვეტი ციკლი, რომელიც მრავლად გვხვდება ტექსტში.

ჯოანის მდგომარეობა – ქმარდაკარგული ქალის, შვილის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგარი დედის თუ ჩვეულ ცხოვრებისეულ წესრიგს გამოთიშული ადამიანის მდგომარეობა – ის ზღურბლია, რომელსაც ლიმინალობის თეორიის მიხედვით, მეორე ფაზა შეიძლება ეწოდოს. ამ მდგომარეობაში ადამიანი რეალობასაა გამიჯნული, მისი ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება ძველი ცხოვრებისეული გამოცდილების სრული გაბუნდოვანების ხარჯზე ყალიბდება, მაგრამ ყველაზე საყურადღებო ჯოანის შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ ის რაღაც მომენტში ამ გამოცდილებას ეწინააღმდეგება. მისი გონების იმპულსები არათუ ახალი გამოცდილების მისაღებადაა მომართული, არამედ ძველით მის ჩასანაცვლებლად. ასე ხდება მანამ, სანამ ჯოანი არ გააცნობიერებს, რომ მისი გლოვა ქმარდაკარგული ცოლის გლოვა კი არაა, არამედ ყველაფერ იმისაც, რაც სიკვდილის ფაქტმა სრულიად შეცვალა. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ის ამის მისახვედრად არა მარტო თვითპროექციის გზას მიმართავს, არამედ ორიენტირს აფართოებს: იწყებს კითხვას, სხვების პასუხების სისწორის საკუთარ თავზე გამოცდას.

შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვათშეთანხმება „გლოვის მეთოდები“, რადგან თუ რამით შეიძლება ამ პროცესში თვითორიენტაცია ალბათ სწორედ ერთგვარი მექანიზებით. ჯოანისთვის ასეთი მექანიზმი ჯადოსნური ფიქრის წელიწადია – დრო, რომელიც ორ პარალელურ სამყაროში არსებობს: ჯოანის აწმყოსა და ჯოანის გონებაში და შეიძლება ყველაზე კარგი, რაც ადამიანის აზროვნებას ახასიათებს, ზუსტად ის არის, რომ ჩვენი გონება აწმყოში აწმყოს იდენტური სულაც არ არის, მისი შესაძლო ვარიაციაა.

„ადამიანი, რომელმაც ახლობელი დაკარგა, შიშველს ჰგავს, რომელიც ვერ ხვდება, რომ ვერ ხედავენ. მეც ასე მეგონა, რომ უჩინარი ვიყავი, ვითარცა უხორცო“, – ამ შეგრძნების გამოა, რომ ჯოანს ერთი წელი სჭირდება ზღურბლის, ორ გასასვლელს შორის მოთავსებული დერეფნის გასავლელად და მესამე ფაზაში, ანუ განახლებული სოციალური სტატუსით საზოგადოებაში დასაბრუნებლად.

ის შინაგანი დრო, რომელიც ჯოანმა საკუთარი თავისთვის გამოიგონა, ჩემთვის სიკვდილისთვის მოსამზადებელ დროდ აღიქმება. ვფიქრობ, მაშინაც კი, როცა ჯოანი ასე ფიქრს იწყებდა, გონების სიღრმეში იცოდა, რომ ეს თავდაცვის მექანიზმი კი არა, ახალი ცხოვრების შესახებ წიგნის დასაწერად აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა იყო. მან ჯადოსნური ფიქრის წელიწადით ცხოვრების უფლება თავს იმიტომ მისცა, რომ დარწმუნებული იყო, ის დასრულდებოდა და დადგებოდა დღე, როცა ჯონის დაბრუნებაზე ფიქრს შეწყვეტდა. ამისთვის კი მზად იქნებოდა. ეს, რაღაც მხრივ, ერთი დროითი სუბსტანციის მეორეთი ჩანაცვლებაც იყო, რადგან, ჯოანის თქმითვე, „ქორწინება მეხსიერებაა. ქორწინება დროა. ...ქორწინება მხოლოდ დრო არ არის, ის, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დროის უარყოფაცაა“. ზუსტად მაშინ, როცა ჯოანი უარყოფილი დროის არსებობის პირისპირ აღმოჩნდა, როცა დრომ ხმაურიანი მაღვიძარას სახე მიიღო და შეახსენა, რომ ადგომის, დროისთვის ფეხის აწყობის, ცხოვრების დროა, ჯოანმა წმინდად ადამიანური გამოსავალი იპოვა: ძილი შეიბრუნა იმ პირობით, რომ დათქმულ დროს, მაღვიძარას ხელახალ ხმაურზე აუცილებლად გაიღვიძებდა.

მაღვიძარას ხელახალ ხმაურამდე კი სიზმარივით უსასრულო, არადა მხოლოდ ერთი წელიწადი იყო. მაგრამ, ხომ გახსოვთ, ადამიანს, რომელსაც სტკივა, დაკარგული აქვს „ცხოვრების ჩვენეული შეგრძნებიდან გამომდინარე ტკბობის განცდა“. ეს ალბათ ჯოანმაც იცოდა. ამიტომაც დაასწრო მაღვიძარას. ზუსტად ეს იყო ჯადოსნური ფიქრის ერთადერთი სასწაული.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG