Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Freedom House: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა, მედიათავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

გასულ წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. მედიის მდგომარეობაზე განსაკუთრებული გავლენა 2022 წელს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ იქონია. "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" წლიურ ანგარიშში საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხვდა მედიის წარმომადგენლის დაპატიმრების შემთხვევით.

საქართველოს დემოკრატიის ასეთი დაბალი ქულა (მაქსიმუმი 7 ქულიდან 3,04 ) Freedom House-ის შეფასების შკალით, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია.

გარდა მედიის თავისუფლებისა, საქართველოსთვის გამოწვევად მიიჩნეოდა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუცველობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პარალელურად, ევროპის 29 ქვეყნიდან 11-ში გაუარესდა დემოკრატიის ხარისხი და მხოლოდ 7-ში გაუმჯობესდა.

საქართველო გარდა, დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გრძელდება ბელარუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, მონტენეგროში, ბოსნიაში და ჰერცეგოვინაში და სლოვაკეთში. დემოკრატიის ყველაზე სწრაფი და მრავალმხრივი გაუარესება გასულ წელს, ანგარიშის მიხედვით, უნგრეთსა და რუსეთში დაფიქსირდა. რუსეთმა შეფასების შვიდი კრიტერიუმიდან 5-ში აჩვენა ვარდნა და ეს ერთი წლის განმავლობაში ერთი ქვეყნის მიერ განცდილი რეკორდული რეგრესია. უნგრეთის დემოკრატიის ხარისხის გაუარესება კი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოვლენილმა პრობლემებმა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულმა გამოწვევებმა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფაქტებმა განაპირობა.

Freedom House-ის შვიდ კომპონენტიანი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნების პროგრესს და რეგრესს იმის მიხედვით, რამდენად დემოკრატიულია მთავრობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე, როგორია საარჩევნო სისტემა, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის თავისუფლება და კორუფცია. დღეს, 24 მაისს, გამოქვეყნებული ანგარიში ფარავს ცენტრალური ევროპის, ევრაზიისა და ბალკანეთის ქვეყნებს. ამ ქვეყნებიდან გასულ წელს დემოკრატიის თვალსაზრისით გაძლიერდა მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი, სლოვენია, ჩრდილოეთი მაკედონია, ლიეტუვა და კოსოვოვო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებაზე გადამწყვეტი გავლენა ექნება უკრაინის გამარჯვებას.

"ვლადიმირ პუტინის ბრუტალური, არაპროვოცირებული დამპყრობელი ომი უკრაინის ტერიტორიაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიზაციის პროცესს და აფართოებს პოლიტიკური ბზარების ფართობს", - ასე აფასებს მდგომარეობას Freedom House-ის პრეზიდენტი მაიკლ აბრამოვიჩი.

"დღეს ისე, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის პარტნიორებმა გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა. უკრაინელები თავს იცავენ ბრძოლის ველზე და მათი მსხვერპლი და თავდადება არ უნდა გაიფლანგოს. მხოლოდ მყარი ბიძგი დემოკრატიული პროგრესისკენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიის რეგიონში მოიტანს თავისუფალ და წარმატებულ მომავალს ამ რეგიონისთვის", - მიიჩნევს მაიკლ აბრამოვიჩი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG