Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაცემები და ანალიზი

2025 წელს საქართველო 114 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რატომ მიდიან ქვეყნიდან, რა ახალი მიზეზები დაემატა ემიგრაციას და რატომ უჭირთ წასულებს უკან დაბრუნების წარმოდგენა?

"ესეც ასე, მორჩა” - ბარგით გატენილი მანქანის საბარგული იკეტება. ცოლ-ქმარი სახლის კარის გასაღებს ბოლოჯერ ატრიალებს. “დავიძარით” - შესძახებს მათი ერთ-ერთი შვილი. მერე კი ყველანი მანქანაში სხდებიან და საკუთარ ეზოს ტოვებენ - ასე იწყება “ქორიძეების ოჯახის თავგადასავალი” ამავე სახელწოდების იუტუბარხის ვიდეოში, რომელიც საქართველოდან ესპანეთში ემიგრაციაში მიმავალ ოჯახზე გვიამბობს.

2025 წელს საქართველოდან 114 374 ადამიანი წავიდა - უმრავლესობა ახალგაზრდა. ეს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით. და თუ ადრე ემიგრაციაში ოჯახიდან ერთი წევრი მიდიოდა, ახლა მთელი ოჯახი მიდის - დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივით.

სასწავლებლად თუ უკეთესი სამუშაოს პოვნის მიზნით წასულ ემიგრანტებს შეემატნენ ისინიც, ვინც უწყვეტი საპროტესტო აქციების პერიოდში ბევრჯერ დააჯარიმეს, ვისაც ქონება დაუყადაღეს, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც ციხეში აღმოჩნდა და გამკაცრებული კანონების გამო ისევ დაემუქრა პატიმრობა. ვინც ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების გაგრძელების აზრი ვეღარ იპოვა.

რას გვეუბნება რიცხვები?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 114 374 ადამიანი. 2025 წელს ქვეყანაში დაბრუნდა 131 501 ადამიანი.

ემიგრაცია და იმიგრაცია

მაჩვენებელირაოდენობა
საქართველოდან წავიდა114 374
საქართველოში შემოვიდა131 501
მიგრაციული სალდო+17 127
  • საქართველოში შემოსულთა რაოდენობა გასულთა რაოდენობაზე 15,0%-ით მეტია.


ემიგრაციის მონაცემები პროცენტებში

მაჩვენებელირაოდენობაპროცენტი
სულ ემიგრანტი114 374100%
საქართველოს მოქალაქე58 79951,4%
კაცი68 15259,6%
ქალი46 22240,4%
20–29 წლის31 82827,8%
25–29 წლის17 10515,0%
20–24 წლის14 72312,9%

20–29 წლის ახალგაზრდები ყველა ემიგრანტის 27,8%-ს შეადგენენ, ანუ დაახლოებით ყოველი მეოთხე ემიგრანტი ამ ასაკობრივ ჯგუფშია.

ეს მონაცემები 1994 წლიდან არ მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ხოლო 2009 წლიდან აჟარის და ახალგორის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.

2015 წელთან შედარებით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 19,2%-ით მეტი ადამიანი წავიდა. თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ემიგრაციის მაჩვენებელი არათანაბრად იცვლებოდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2023 წელს წელს იყო - 245 064 ემიგრანტი. 2025 წელს ეს რიცხვი პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 53,3%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ აღემატება 2015 წლის მონაცემს.

შედარებარაოდენობრივი სხვაობაპროცენტული ცვლილება
2025 წელი 2015 წელთან შედარებით+18 409+19,2%
2023 წელი 2015 წელთან შედარებით+149 099+155,4%
2025 წელი 2023 წელთან შედარებით−130 690−53,3%

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს რიცხვები მოიცავს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. შესაბამისად, ყველა ემიგრანტის რაოდენობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის იმავე პროპორციით ზრდას.

“ჩვენ რიცხვებით ვაფასებთ და არა ემოციებით“ - საქსტატი

საქსტატის დირექტორის მოადგილე, პაატა შავიშვილი გვეუბნება რომ მიგრაციისთვის ყველაზე აქტიური ასაკი 20-29 წელია და ეს ასე იყო ყოველთვის.

“ამაში ახალი არაფერია. ადამიანი მორჩა სწავლას. ფიქრობს ახალ შესაძლებლობებზე და მიდის”.

პაატა შავიშვილი აზუსტებს, რომ მართალია ემიგრაცია ისევ ზრდადია, მაგრამ ბოლო ორ წელში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო აქვს - 2025 წელს 3274 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე დატოვა.

“ჩვენ მიზეზებს არ ვიკვლევთ, რიცხვებს ვუყურებთ, ამ რიცხვების მიხედვით, განსაკუთრებული მოვლენა არ ხდება. ფაქტია, რომ 2025 წელს, თუ ემიგრანტთა რიცხვი არის 114 000, იმიგრანტთა რაოდენობა 131 000-ა”.

თუ საქართველოდან წასულთა უმრავლესობა 20-40 წლამდე ასაკისაა, ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა ასაკი საშუალოზე მაღალია.

ბრუნდებიან ძირითადად 60+ ადამიანები.

საქართველოში შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტებიც, როგორც წესი, ახალგაზრდები არიან.

2025 წელს, ქვეყანაში ჩამოსული და დარჩენილი 131 501 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე იყო 65 436. მოქალაქეობის მიხედვით სხვა ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

"ემიგრაციული ცხოვრების გამოცდილებაც დაგროვდა"

ემიგრაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების - სწავლის გაგრძელებას ან უკეთესი შემოსავლის პოვნას უკავშირდება და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს დემოგრაფი მზია შელია, თუმცა - აზუსტებს იგი - როცა ქვეყანას ტოვებს რეპროდუქციული ასაკის, შრომისუნარიანი მოქალაქეების ნაწილი, ეს შობადობის მაჩვენებელს ამცირებს. აი მოსახლეობის დაბერება კი, შეუქცევადი ხდება.

მზარდი ემიგრაციის ფონზე საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2025 წელს:

  • დაიბადა 37 867 ადამიანი.
  • გარდაიცვალა 44 319 ადამიანი.

“ბოლო აღწერის მიხედვითაც, საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი უკვე 60 წელს გადაცილებულია”, - ამბობს მზია შელია და იხსენებს 2018 წელს პოტენციურ ემიგრაციაზე სტუდენტებთან ჩატარებულ კვლევას:

„ვინც სასწავლებლად მიდიოდა, ვეკითხებოდით, დაბრუნდებოდნენ თუ არა უკან სამშობლოში. მათი აბსოლუტური უმრავლესობის პასუხი იყო - “არ ვიცი” - ეს ნიშნავს, რომ ის პოტენციურად დამრჩენია”.

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ემიგრაციის მიზეზებს შორის არის თუ არა გადამწყვეტი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, ძნელი სათქმელია. ზუსტი პასუხი ამაზე მანამ არ იქნება, სანამ მიგრაციის მიზეზებზე მასშტაბური კვლევა არ ჩატარდება.

მსგავსი კვლევა საქართველოში წლებია არ ჩატარებულა.

დემოგრაფის შეფასებით, თუ ადრე, სწავლის გაგრძელების თუ ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით წასულებს ოჯახიდან ერთი ადამიანი მიდიოდა ემიგრაციაში - ახლა უკვე მიდიან ოჯახებით.

“ემიგრაციული ცხოვრების გამოცდილებაც დაგროვდა და სავიზო ლიბერალიზაციამაც გაამარტივა წასვლა. ადრე თუ ყველა არალეგალურად მიდიოდა, ახლა წასვლის სხვა ბევრი გზა გამოიძებნა”.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძემ ემიგრაციის თემაზე საჯაროდ 2026 წლის მარტის დასაწყისში ისაუბრა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში და თქვა, რომ „ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის“. მან მიგრაციულ პროცესები „ეკონომიკური გრავიტაციის კანონს“ დაუკავშირა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის გადაადგილებაზე უმთავრეს გავლენას "ეკონომიკური ფაქტორები და განვითარების დონე ახდენს".

“ვიცი, ათი წელი ვერ დავბრუნდები“ - სალომე საფრანგეთიდან

დიდი ხანი არ არის, რაც სალომე ცისკარაულმა საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

საქართველო მან რამდენიმე თვის ფეხმძიმემ დატოვა.

სალომე ყოფილი საჯარო მოხელეა - ის ფოლკლორის ცენტიდან დაითხოვეს და იმ ასობით საჯარო მოხელეს შორის აღმოჩნდა, ვინც 2025 წელს მასობრივად გაათავისუფლეს, ოფიციალურად საკადრო რეორგანიზაციის პროცესში.

სალომე ცისკარაული შვილთა ერთად საფრანგეთში.
სალომე ცისკარაული შვილთა ერთად საფრანგეთში.

გათავისუფლების მიზეზებზე სალომე ცისკარაული მაშინ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ვრცელ ვიდეოინტერვიუშიც ლაპარაკობდა და დღესაც იმავეს ფიქრობს: ,,ჩემი აქტიურობის გამო და პროტესტში მონაწილეობის გამო მოხდა ის, რომ მე აღარ ვიყავი საჭირო ჩემს სამსახურში”.

წასვლა მას მერე გადაწყვიტა, რაც მიხვდა, რომ უსამსახუროდ, უხელფასოდ, დაზღვევის გარეშე დარჩენილი და თან ხუთი თვის ორსული, საქართველოში შვილის გაზრდას თავს ვერ გაართმევდა. სალომე მარტოხელა დედაა:

„ამ გადაწყვეტილებას უამრავი გათენებული ღამე უძღოდა წინ. ყველა და ყველაფერი გამოვიტირე. ვფიქრობდი, რა უნდა მექნა ბავშვი რომ გაჩნდებოდა და უბრალოდ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. საფრანგეთს ვთხოვე თავშესაფარი. გამიმართლა - მომცეს”.

ახლა სალომეს აქვს განცდა, რომ შვილს უსაფრთხოდ ზრდის - “არ მეშინია, რომ ქუჩაში გასულს თავში რამე დამეცემა ან სასწრაფოს თუ გამოვიძახებ, ორ საათში მოვა. რომ წამლებს ვერ ვიყიდი…და ეს უსაფრთხოების განცდა მეხმარება გაძლებაში” - აქვს მუშაობის უფლება, სხვა ქვეყნებში მოგზაურობაც შეუძლია. მხოლოდ საქართველოში წამოსვლის უფლება არ აქვს - კიდევ ათი წელი.

გვიყვება, რომ ქალაქში, სადაც ის ახლა ცხოვრობს, უამრავი ქართველი ხვდება, ვინც სხვადასხვა მიზეზით თავშესაფარს ითხოვს:

“განსაკუთრებით ბევრია ისეთი, ვინც ბოლო დროს წამოვიდა - ზოგს ბავშვი ჰყავს ავად, ზოგმა სამსახური დაკარგა, ზოგი ძალადობის მსხვერპლია. უცნაური ის არის, რომ არ ვარ დიდ ქალაქში და აქ მაინც ბევრი ქართველია. ახლაც, საავადმყოფოში მოვიყვანე ბავშვი და ქართველი წყვილი შემოვიდა”.

“სანამ ეს ხელისუფლებაა, ვერ დავბრუნდები” - ბაჩო გერმანიიდან

რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე, ბაჩო კუცია ახლა გერმანიაში ელის პოლიტიკურ თავშესაფარს.

საქართველოდან წასვლა მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აქციის დროს ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა დაემუქრა.

“დარბევების, ცემის, გაზის ყლაპვის გამო ჯანმრთელობა, ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც საშინლად შემერყა, ციხეში წასვლა გამორიცხული იყო. ძალიან უცებ ამიღეს ბილეთი და ისე წამოვედი… ძალიან ძნელია ოჯახის, მეგობრების, თანამებრძოლებისგან ასე შორს ყოფნა, თან როცა ისიც არ იცი, რა პასუხს გეტყვიან. მაგრამ გული მაინც იმაზე მწყდება, რომ მათთან არ ვარ, რუსთაველზე”.

ბაჩო კუცია თავშესაფარში. გერმანია. 2026.
ბაჩო კუცია თავშესაფარში. გერმანია. 2026.

ბაჩო კუცია გვიყვება, რომ მის გარშემოც ბევრი ქართველია, ვინც ქვეყანა ბოლო ორ-სამ წელში დატოვა. ნაწილმა - ეკონომიკური პრობლემების, ნაწილმა ჯანმრთელობის, ნაწილმა, როგორც ამბობს, პოლიტიკური დევნის გამო.

“მათი უმეტესობა იმედგაცრუებულია. მართალია, ყველას თავის სამშობლოში ურჩევნია, მაგრამ ამავე დროს, ყველას აქვს მიზეზი, რის გამოც ემიგრაცია არჩიეს”.

თავად ბაჩოც იმ იმედით ცხოვრობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, დაბრუნებას შეძლებს.

“ეგ იმედია, რაც აქ ყველას აძლებინებს”.

ხედი ბაჩო კუციას ოთახიდან
ხედი ბაჩო კუციას ოთახიდან

სამოქალაქო აქტივისტი ბაჩო კუცია ზუსტად ერთი წლის წინ დააკავა პოლიციამ - იზოლატორში გზის გადაკეტვის გამო მან 14 დღე გაატარა. “ერთადერთი პასუხი რეჟიმს - დაუმორჩილებლობა“ - იყო მაშინ მისი პასუხი. საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილემ საქალაქო სასამართლოსთან სისხლის სამართლის კოდექსიც დაწვა და თქვა, რომ ეს იყო “ძალადობრივი რეჟიმის სიმბოლური აუტოდაფე“.

“დაბრუნებულებს ვეხმარებოდი, ახლა მეც წავედი“ - ნინო ირლანდიიდან

ნინოც (სახელი მისივე თხოვნით შეცვლილია) პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია - ირლანდიაში.

საქართველოში ის ერთ-ერთი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. წლები მუშაობდა რეგიონში, მაგრამ “გრანტების კანონის” შემოღების და არასამთავრობოების უდიდესი ნაწილის დახურვის ან საქმიანობის შეჩერების შემდეგ, ისიც, მისი ათობით თანამშრომლის მსგავსად, სამსახურის გარეშე დარჩა.

“ახლა უცხო ქვეყანაში ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო. ძალიან რთულია. წასვლაც, თავიდან დაწყებაც, დანაშაულის განცდაც, რომ რაღაც მიატოვე, მაგრამ სხვა გზა ვერ ვიპოვე”.

ნინო გვიყვება, რომ 2024 წლის შემდეგ ბევრი რამ სცადა, რომ ემიგრაცია ერთადერთ გამოსავლად არ დარჩენილიყო.

“რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ერთი ხელის მოსმით გააუქმა სახელმწიფომ, მტრად გამოგვაცხადა და მძლავრი პროტესტის მიუხედავად, რაშიც ყველანი ვიყავით ჩართული, არაფერი შეიცვალა. ბევრი ვიფიქრე, რას ვთავაზობდი ასეთ ქვეყანაში ჩემს შვილებს, როგორ გარემოში უნდა გვეცხოვრა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვდარდობ, ასე რადიკალურად მათი ცხოვრების შეცვლას, მაინც წასვლა გადავწყვიტეთ…”

ნინოს ოჯახთან ერთად წინ თავშესაფრის მიღების ხანგრძლივი პროცესი ელის.

საქართველო კი, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ტოპ 20-ეულში რჩება (მე-17 პოზიციაზე). ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ოფიციალური ანგარიშის მიხედვით: 2025 წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მისაღებად 15 295 განაცხადი წარადგინეს (მათი დიდი ნაწილი - 12 788 იყო პირველადი განაცხადი).

EUAA-ს მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადების დაკმაყოფილების (აღიარების) მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ის საშუალოდ 5-8%-ს შორის მერყეობს.

ლიბიური ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ყულევში აგვისტოს ბოლოს შევიდა, მეორე კი სექტემბერში.
ლიბიური ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ყულევში აგვისტოს ბოლოს შევიდა, მეორე კი სექტემბერში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოში ლიბიიდან 144,1 მილიონი დოლარის ღირებულების 178 517 ტონა ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა.

საუბარია Black Sea Petroleum-ის მიერ ნავთობის შესყიდვაზე. კომპანია, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, აცხადებს, რომ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ლიბიიდან და ყაზახეთიდან მიღებული ნედლეულით.

31 ივლისს Black Sea Petroleum-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 3 ივლისს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან ლიბიური ნავთობის მიწოდების ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე მოქმედებს და მისი გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

ლიბიური ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ყულევში აგვისტოს ბოლოს შევიდა, მეორე კი სექტემბერში. კომპანიის ინფორმაციით, მესამე პარტიის მიღება ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება.

ნედლი ნავთობის იმპორტი თითქმის 370-ჯერ გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის ღირებულებამ 427,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 370-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2025 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში მხოლოდ 1,15 მლნ დოლარის ნედლი ნავთობი შემოვიდა.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა 269,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 643 353 ტონას შეადგენს.

ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა უკავშირდება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებას, რომელმაც ფუნქციონირება 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად ქარხანაში ძირითადად რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობი გადამუშავდებოდა.

რუსული ნავთობის ჩანაცვლება და ევროკავშირის სანქციები

2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც შეიყვანა.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ამოქმედება ექვსი თვით გადაიდო. სანქციების ამოქმედების თარიღად 2027 წლის 25 იანვარი განისაზღვრა. ევროკომისიამ განმარტა, რომ გარდამავალი პერიოდი ქარხანას რუსული ნავთობის სხვა წარმოშობის ნედლეულით ჩანაცვლების შესაძლებლობას აძლევს.

ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს ქარხანასთან დაკავშირებული ტრანზაქციების აკრძალვას. თუმცა, თუ კომპანია რუსული ნავთობის გადამუშავებას შეწყვეტს და ევროკავშირს შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენს, შესაძლებელია სანქციების სიაში მისი ყოფნის საკითხის გადახედვა.

სანქციების პაკეტის მიღებამდე, 1 ივლისს, Black Sea Petroleum-მა განაცხადა, რომ აგვისტო-სექტემბრიდან მთლიანად არარუსული წარმოშობის ნავთობის გადამუშავებაზე გადასვლას გეგმავდა.

28 აგვისტოს კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ 23 აგვისტოდან რუსული ნედლი ნავთობი სრულად ჩაანაცვლეს. კომპანიის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორთვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც რუსულ ნედლეულთან ერთად ყაზახურ ნავთობსაც ამუშავებდნენ.

კომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ქარხანაში უკვე გადამუშავდებოდა ყაზახური ნავთობი და აგვისტოს ბოლომდე ლიბიური ნედლეულის პირველ პარტიას ელოდებოდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკომისიას მიაწოდეს მტკიცებულებები, რომლებიც, უწყების შეფასებით, ადასტურებდა, რომ ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

თბილისში იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირი ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტილებას გადახედავდა.

Black Sea Petroleum-ში აცხადებდნენ, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება მათ ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობასაც მისცემდა. კომპანიის განმარტებით, არარუსული წარმოშობის ნედლეულისგან წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროპულ ბაზარზე შესაძლებელი გახდებოდა.

ყულევის ქარხანა
ყულევის ქარხანა

მანამდე სანქციები ყულევის პორტსაც ემუქრებოდა

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანამდე, ევროკავშირში განიხილებოდა სანქციების დაწესება ყულევის ნავთობტერმინალის წინააღმდეგაც, რომლის ოპერატორიც აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ია.

ტერმინალის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში განიხილებოდა. მიზეზად რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში პორტის როლი და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების შესვლა სახელდებოდა.

თუმცა, ევროკავშირმა ყულევის ტერმინალის სანქცირებულთა სიაში შეყვანისგან თავი შეიკავა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა 2026 წლის მარტში, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილი.

5 მარტით დათარიღებული წერილის თანახმად, ევროკავშირმა თავდაპირველი პოზიცია მას შემდეგ გადახედა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა შესაბამისი ვალდებულებები აიღეს.

კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებდა, არ დაეშვა ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების საქართველოს პორტებში შესვლა ან მათთვის მომსახურების გაწევა.

თავის მხრივ, SOCAR-მა აიღო ვალდებულება, დაეცვა ევროკავშირის სანქციები, მათ შორის რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი და რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტებზე მოქმედი შეზღუდვები.

თითქმის 13-ჯერ გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც

ნედლი ნავთობის იმპორტის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 811,8 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 192,5%-ით, ანუ თითქმის 13-ჯერ მეტია.

ყულევის ქარხანა
ყულევის ქარხანა

2025 წლის პირველ ცხრა თვეში ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი მხოლოდ 62,8 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა საქართველოს მთლიან ექსპორტში მეორე ადგილი დაიკავა, 13,2%-იანი წილით. პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილებია, 1,53 მილიარდი დოლარით.

საქსტატის იმავე მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 731,5 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წლის სექტემბერთან შედარებით 4%-ით მეტია. იმპორტმა 1,81 მლრდ დოლარს მიაღწია, ზრდამ 15,3% შეადგინა.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9,2%-ით გაიზარდა და 20,54 მლრდ დოლარს მიაღწია.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2025 წლის შემოდგომაზე ამუშავდა. მისი მფლობელი კომპანიის, Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელია ბიზნესმენი მაკა ასათიანი.

პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“.

ქარხანაში თავდაპირველად რუსული კომპანია „რუსნეფტის“ (Русснефть) მიერ მიწოდებული ნავთობი გადამუშავდებოდა. 2025 წლის 16 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა „რუსნეფტს“ სანქციები დაუწესა.

Black Sea Petroleum-ის გეგმებით, 2027 წლის პირველ კვარტალში ყულევის ქარხანაში საგზაო ბიტუმის წარმოება უნდა დაიწყოს, ხოლო მეორე კვარტალში, საავიაციო საწვავის.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG