Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TDI: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია, "მოჩვენებითი სტაბილურობა" რეპრესიული პოლიტიკის შედეგია


ბათუმის მეჩეთი
ბათუმის მეჩეთი

"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის"(TDI) შეფასებით, ქვეყანაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია, ხოლო "მოჩვენებითი სტაბილურობა" ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის შედეგია.

საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობაზე ინფორმაციას ორგანიზაციამ წლიურ ანგარიშში მოუყარა თავი.

TDI-ის შეფასებით, 2022 წელი საქართველოს ხელისუფლების ღიად ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკით გამოირჩეოდა, რაც, მათივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე თვალსაჩინო გახდა.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ, ერთი შეხედვით, ვითარება თითქოს სტაბილურია და მნიშვნელოვან რეგრესს არ განიცდის, თუმცა რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის, სახელმწიფო პოლიტიკის და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს "სტაბილურობა" მოჩვენებითია.

"რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში არსებული პრობლემების აქტუალობა შესუსტებულია. ზედაპირზე ნაკლებად ჩანს ახალი, ხისტი და ძალადობრივი შემთხვევები, შემცირებულია დანაშაულის სტატისტიკა, პრობლემებზე შედარებით იშვიათად ლაპარაკობენ თავად რელიგიური გაერთიანებებიც, ქვეყნის საერთო პრობლემურ საკითხებშიც რელიგიის თავისუფლების თემატიკა ნაკლებად ჩნდება".

TDI ანგარიშში აჯამებს, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული ყველა სისტემური პრობლემა გადაუჭრელია.

ორგანიზაცია საუბრობს საკანონმდებლო დისკრიმინაციაზე და წერს, რომ ხელისუფლებას არ უცდია აღმოეფხვრა ის პრაქტიკა, რომელიც მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ქონებრივ და საგადასახადო უფლებებსა და პრივილეგიებს.

ანგარიშში მაგალითად მოყვანილია სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ათავისუფლებს სამხედრო ვალდებულებისგან. ცვლილების მიღება და ძალაში შესვლა პარლამენტის მიმდინარე, 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

"ყველა სხვა რელიგიური გაერთიანებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები გათავისუფლებულები იქნებიან „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული სამსახურის გავლის ვალდებულებისაგან, რაც პრაქტიკაში დისკრიმინაციის მორიგ საფუძველს გააჩენს", - წერია ანგარიშში.

TDI ასევე წერს, რომ შენარჩუნდა ხელისუფლების მიერ ახალი სამლოცველოების მშენებლობისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის პრაქტიკაც: "ბათუმში მუსლიმები კვლავ ღია ცის ქვეშ ლოცულობენ, რადგან ბათუმის მერია, 2017 წლიდან მოყოლებული, უკანონოდ და დისკრიმინაციულად აცხადებს უარს ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე".

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ანტისემიტიზმის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. კვლავ პრობლემურია ანტისემიტიზმი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების რიტორიკაშიც.

ანგარიშში ასევე მოხვდა 2021 წელს გასაჯაროებული, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო თვალთვალის ფაილების საქმე. TDI წერს, რომ ეს საქმე კვლავ გამოუძიებელია:

"ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ და, ამასთან, ხელისუფლებას არ აუღია პასუხისმგებლობა მასობრივად განხორციელებულ უკანონო თვალთვალსა და მოსმენაზე. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილ სასულიერო პირთა ზუსტი ოდენობა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო ფაილებითაც დასტურდება, რომ რეალურად რელიგიურ გაერთიანებებზე ხელისუფლების წნეხი და მათი კონტროლი საგანგაშოა".

XS
SM
MD
LG