Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი - ბლინკენი


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს, 26 მაისს, გაავრცელა, წერია, რომ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი ღრმად ესმის.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ.

საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი. რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში.

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, რათა ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია, ის, რაც მის მოქალაქეებს სურთ და ასე ძლიერ იმსახურებენ", - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

XS
SM
MD
LG