Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა, ვინც ცდილობს, ეს დღე ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში გაატაროს, ამ დღეს გვართმევს - პაპუაშვილი


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის დღეს ბრალდებებისა და "ქიშპის" დრო არაა. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, იზეიმოს. პარლამენტის სპიკერი ამით 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

"ყველა, ვინც ცდილობს, ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ. ამ დღეს გვართმევს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს", - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა კრიტიკას იმაზე, რომ წელს, დღესასწაულისთვის ქალაქის გაფორმებისას, პარლამენტის შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშის ბანერი არ დაკიდეს.

"ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ და ვისაც უნდა რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები. ვისაც არ უნდა რომ დაინახოს, მას, რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს", - ამბობს შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის იმ დროშაზე მითითებით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინ კიდია, საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით.

პრეზიდენტის სიტყვით უკმაყოფილება მისი გამოსვლის პროცესშიც გამოთქვეს - ტრიბუნიდან, რომელზეც დღესასწაულზე მიწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ, შეძახილები ისმოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას თავისუფლების მოედანზე, მათ შორის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს, ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, "საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს".

პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ დროს, როცა ქართულმა საზოგადოებამ "მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება", ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და "დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია - არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია".

ღონისძიების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა დროშებით აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.

მათი შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა და საქართველოს პარლამენტის ფასადზე მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშების ბანერები დაკიდა.

მოქალაქეების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად მიიჩნია და გადაწყვიტა, ამ გზით ეჩვენებინა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს დასავლური კურსი უალტერნატივოა.

დროშით მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები "საქართველო", "ევროპა".

XS
SM
MD
LG