Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასპინძის მუნიციპალიტეტში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა


ფოტო: ილუსტრაცია.
ფოტო: ილუსტრაცია.

სოფელ საყუდაბელში, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ხშირია, როგორც პირუტყვის, ასევე ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები, რის გამოც ბრუცელოზის კერად მიიჩნევა ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლები.

ასპინძის სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ვაჟა ძირკვაძემ მესაქონლეობა 2010 წელს დაიწყო. მალევე ბრუცელოზის გამო პირუტყვის ქართული ჯიში სრულად გამოცვალა. იმ პერიოდში სოფელ რუსთავში ცხოველებსა და ადამიანებში გავრცელებული ბრუცელოზის გამო 40 სული პირუტყვით იზარალა ფერმერმა თამაზ შავაძემაც.

სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციაში შიშობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.„რამდენიმე დღის წინ ბრუცელოზზე აქტივობა დაიწყო და ვხედავთ რა პრობლემას წავაწყდით. ველი, რომ ეს კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავა, რადგან იყო წყვეტა მისი კონტროლის, მისი ლაბორატორიული ანალიზების და ვფიქრობ, რომ უფრო ცუდ შედეგებამდე მივალთ“, - ამბობს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის ახალციხის ოფისის დირექტორი ზურა ყულჯანიშვილი.

სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა თამაზ შავაძემ თქვა: „2012 – 13 წწ ბრუცელოზის პრობლემა აქტიურად იდგა რეგიონის მასშტაბით, მაშინ, ასოციაციამ ბევრი გააკეთა - სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, პირუტყვს ჩაუტარდა ვაქცინაცია, მაგრამ გავიდა მას შემდეგ 10 წელი და ისევ იმ პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან განმეორებით აღარ მოხდა ვაქცინაცია“.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მზია პაპაშვილი აცხადებს, დაავადებულთა ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ. მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშები აიღეს.

„დღეისთვის 12 შემთხვევა გვაქვს, სოფელ საყუდაბელში. მკურნალობის პროცესი ხანმოკლე არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ ჩემი უშუალო მოწვევით, ნიმუშები იქნა აღებული მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პირუტყვი იყო ინფიცირებული. მოსახლეობა მოიცვა პანიკამ, რადგან მიირთმევდნენ არაპასტერიზებულ რძის პროდუქტს, პირუტყვს უვლიდნენ, რაც არის საფრთხის შემცველი ცხოველიდან ადამიანისთვის გადადების თავლსაზრისით“, - განაცხადა მზია პაპაშვილმა.

განმეორებით ნიმუშები პირუტყვისგან სპეციალისტებმა 21 დღეში კიდევ უნდა აიღონ, რადგან დაავადება შესაძლოა, კვლავ გამოვლინდეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში, საქონლის აცრა 2015 წლიდან, ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება კი 2014 წლიდან დაიწყო.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG