Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გამოვიდა სასკოლო სახელმძღვანელო, რომელშიც ერთი თავი უკრაინაში ომს ეძღვნება


სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიაჩესლავ ნიკონოვი
სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიაჩესლავ ნიკონოვი

გამომცემლობა "სოტამ" გამოაქვეყნა რუსეთის ისტორიის ახალი, მე-10-11 კლასებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს თავები, რომლებიც ეძღვნება რუსეთის უკრაინაში შეჭრას და იმ მოვლენებს, რომლებიც ამას უსწრებდა წინ.

"სოტას" ხელთ აქვს რუსეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო მე-10-11 კლასებისთვის. ამ სახელმძღვანელოთი ისწავლიან მომავალი წლიდან. სასწავლო მასალა არ შეიცავს წყაროებზე მითითებებს და მისი დიდი ნაწილი ეთმობა უკრაინაში ომს და რუსეთის დაპირისპირებას "კოლექტიურ დასავლეთთან".

ამას გარდა, ერთ-ერთი პარაგრაფის ბოლოს ჩამოწერილია ლოზუნგები, რომლებითაც ხელისუფლება მხარს უჭერს ომს: "ჩვენი საქმე მართალია! მტერი განადგურებული იქნება! ჩვენ გავიმარჯვებთ!"

სახელმძღვანელო იმეორებს რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის ბევრ იმ დებულებას, რომლებიც უკრაინაში ომთანაა დაკავშირებული. მწვავედ გაკრიტიკებულია, კერძოდ, აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები, რომლებიც თითქოსდა უკრაინას იყენებენ როგორც "დამრტყმელ მუშტს", რომელიც "რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული".

2022 წლის იანვარში, როგორც სახელმძღვანელო ამტკიცებს, მოსკოვში თითქოსდა ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, დასავლეთის მხარდაჭერით, ემზადებოდა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის დონბასისა და ყირიმის დასაპყრობად" მარტში. ამის არანაირი მტკიცებულება მოყვანილი არ არის (ისინი არც რუსეთის ხელისუფლებას მოუყვანია). ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ანუ 24 თებერვალს დაწყებული შეჭრა, რუსეთის მიერ წოდებულია როგორც "პრევენციული ზომა". ოპერაციის დასაწყისში, როგორც ნათქვამია, "გამოჩნდა ჩვენი შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უპირატესობა ჰაერში და ზღვაში, ხოლო ძალების თანაფარდობა ბრძოლის ველზე "განუხრელად შეიცვალა ჩვენი შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ".

ამასთან, კონკრეტული ოპერაციების, მათ შორის, რუსეთის ჯარების მიერ იზიუმისა და ხერსონის დატოვების შესახებ, სახელმძღვანელო არაფერს ამბობს.

სამაგიეროდ, გვერდზე მეტი ეთმობა დასავლეთის სანქციებს, რომლებმაც, როგორც ამტკიცებენ, მხოლოდ გააძლიერა რუსეთი, რომლის ხალხი "შეიკრა თავისი შეიარაღებული ძალებისა" და ვლადიმირ პუტინის "მხარდასაჭერად".

სახელმძღვანელოს ავტორები არიან სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიაჩესლავ ნიკონოვი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი დევიატოვი.

უფრო ადრე კიდევ ერთი სახელმძღვანელო იყო წარმოდგენილი, რომელშიც თავი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შესახებ დაახლოებით იმავე სულისკვეთებისა იყო.

XS
SM
MD
LG